სააკაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის წინ დიალოგისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'08 / 21:45

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპონენტებს ”დიალოგისა და ერთობისკენ” მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ინტერესები პირად ამბიციებზე გაიმარჯვებს.

სააკაშვილმა ეს განცხადება 25 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა, სადაც ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილიას მეორეს მიერ ჩატარებულ წირვას დაესწრო, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე. სწორედ ამ აქციაზე აპირებს ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაპროტესტებას. ლეიბორისტულმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ და რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადეს, რომ ისინი ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის აქციას შეუერთდებიან.

პრეზიდენტ სააკაშვილს სამების ტაძარში ახლდა რამდენიმე ახლადარჩეული დეპუტატი.

”საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად, ჩვენი მეგობრების გასახარად და არაკეთილმოსურნეების იმედგასაცრუებლად, ურთულესი გამოცდა ჩააბარა, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ გვაქვს,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენი უმთავრესი მიზანია აღვადგინოთ საქართველოს მთლიანობა და შევქმნათ ძლიერი საზოგადოება. ყველას მოუწოდებთ ერთიანობისკენ და დიალოგისკენ. გვჯერა, რომ ყველა ადამიანი პირად წყენასა და ამბიციაზე მაღლა დადგება და ყველაზე მაღლა საზოგადოებრივ კეთილდღეობას, საქართველოს თავისუფლებას, თავისი ქვეყნის მომავალს, ერთიანობას და საქართველოს არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას დააყენებს. ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს”. 

მან ასევე განაცხადა, რომ ის მთლიანად იზიარებს პატრიარქის სიტყვებს, რომელმაც თავის ქადაგებაში ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა: ”ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ”.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 25 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცადა გამოეყენებინა  ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ზეგავლენა, რათა დაერწმუნებინა  ოპოზიცია უარი ეთქვა ახალი პარლამენტის ბოიკოტირებისთვის.

”მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და გავაფრთხილო ისინი, ნუ შეეცდებიან პატრიარქის და ჩვენი დედა ეკლესიის ჩართვას; მისი ჩართვა პოლიტიკური პროცესში ამორალურია,” - განაცხადა გამყრელიძემ. ”ჩვენ ასევე ვთხოვთ პატრიარქს არ ჩაერთოს ამ პროცესში და ნუ ითამაშებს მედიატორის როლს”.

მოგვიანებით 25 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენელთან ოთარ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, რომ არჩევნების შედეგებმა წარმოაჩინა ქართველი ხალხის სიბრძნე.

”მიუხედავად ოთხწლიანი მტკივნეული რეფორმებისა, რეფორმისტულმა ძალამ კვლავ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება და მიიღო თითქმის იგივე დონის მხარდაჭერა, როგორც ეს ოთხი წლის წინ იყო [როდესაც მმართველმა პარტიამ 66.24% მიიღო]. ეს ქართველი ხალხის სიბრძნის გამოხატულება,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, ”კარგ არჩევნებს” სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგანაც, მისი თქმით, არსებობებ ადამიანები, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ თუ არჩევნები ცუდად ჩატარდებოდა, ეს იქნებოდა კარგი გამართლება მათი უარისა ”დაგვიცვან ჩვენი მეზობლის აგრესიული ქმედებისგან”.

”მე ვფიქრობ ამ ხალხს იმედები გაუცრუვდათ, რადგანაც პრაქტიკულად ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა და სახელმწიფომ შეაფასა ეს არჩევნები როგორც კარგი და პროგრესული,” - განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024