ოპოზიცია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'08 / 13:07

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისკენ თავისუფლად შეძლეს მოძრაობა, რადგანაც პოლიციის კორდონი, რომელსაც რუსთაველის პროსპექტი ჰქონდა გადაკეტილი, მოიხსნა.

პოლიციის კორდონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული სამხედრო აღლუმის დასრულებისთანავე მოიხსნა. ის სწორედ მაშინ დასრულდა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერთა მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტს მიუახლოვდა.

წინა წლებისგან განსხვავებით წლევანდელი აღლუმი უფრო მცირე მასშტაბის იყო და მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა. áƒ—ბილისში ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი აღლუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ხანგრძლივი გამოსვლის ნაცვლად მხოლოდ მცირე განცხადებებით შემოიფარგლა.

”მივესალმები ათასობით და ათასობით ქართველ ჯარისკაცს, ქართველ რეზერვისტს, რომელიც ახლა, ამ წუთებში ჩვენ რუსთაველზე ვდგავართ, იცავს საქართველოს სიმშვიდეს, იცავს საქართველოს მომავალს, იცავს თითოეულ ჩვენგანს, იცავს ჩვენს შთამომავლობას. მე მინდა დავპირდე მთელ საქართველოს, რომ საქართველო მიუხედავად შემოტევებისა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ყველანაირი ხრიკებისა, საქართველო ბოლომდე გაიმართება წელში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, აუცილებლად გაერთიანდება, აუცილებლად დაიბრუნებს მთელ მის ტერიტორიას და იქნება ერთიანი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა ჩვენი ეთნიკური წარმომადგენლის, ყველა ჩვენი ძმის  - ოსების, აფხაზების, ყველა სხვა ჯგუფის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, გასახარებლად იმიტომ, რომ  საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს. მშვიდობა საქართველოში დამკვიდრდება, ერთიანობა საქართველოში ბოლომდე მივა და საქართველო ბოლომდე დადგება ფეხზე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ თავისუფლების დღეს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”მე მინდა მოგილოცოთ თქვენ ბოლო ჩატარებული არჩევნები,” - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ”ყოველთვის არსებობს რაღაც შეცდომები, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები... საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ნატოს წევრი, რასაც ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ”.

სამხედრო აღლუმში 2,000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. გამოყენებულ იქნა TOYOTA-ს მარკის 60 ერთეული Hilux და 152 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA. რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი გამავლობის დაჯავშნული 18 ერთეული KOBRA-ც გამოჩნდა.

აღლუმის წინ ათასობით ოპოზიციის აქტივისტი შეიკრიბა დილიდან სპორტის სასახლის წინ.

”ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ამ ძალადობრივი ხელისუფლების და პარლამენტის შესაცვლელად. ეს შეიძლება ხანგრძლივი ბრძოლა იყოს, მაგრამ ამას მოყვება ჩვენი გამარჯვება,” - მიმართა ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 26 მაისს დილით სპორტის სასახლის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი მოაწერონ ერთობლივ მემორანდუმს ახალი პარლამენტის ბოიკოტის თაობაზე. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად, ხოლო ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

”ამ გაყალბებას ქართველი ხალხი არ აპატიებს არავის,”- განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ”ამ დეკლარაციით ვიღებთ იმის ვალდებულებას, რომ ჩვენ ამ რეჟიმს დავასრულებთ”.

სპორტის სასახლის წინ აქციაზე არ მისულა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძემ, რომელმაც 24 მაისს განაცხადა, რომ აპირებდა სპორტის სასახლესთან მისვლას.

მიტინგზე გამოსვლისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლა არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლა და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად.

”საქართველო არ არის ადვილად გასათელი ქვეყანა. სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ამერიკელები სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ევროპელები, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქართული ქვეყანა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა არ არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ, ეს არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ და ეს არის სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ,”- განაცხადა მან, ”ამიტომაც არის ის რთული, ამიტომაც ის არის აღსავსე ბევრი ტყუილით, ამიტომაც ის არის აღსავსე ბევრი ძალადობით”.

”დღეს რომ ჩაგვეტარებინა თავისუფალი არჩევნები ჩვენ შევცვლიდით ხელისუფლებას და შეცვლიდით ხელისუფლებით, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ამ რეჟიმს და არა მარტო ამ რეგიონში, მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში მთელს გეოპოლიტიკას იმიტომ, რომ იქნებოდა თავისუფალი ხალხის მიერ აშენებული ქვეყნის მცდელობა და არა ამერიკის და სხვა ქვეყნების დაკვეთა,”- განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024