საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 May.'08 / 15:27

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შესახებ და ასევე გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი ”მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის” გამო.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე ლევან გახელაძე შეასრულებს.

პირველად ტრიპოლსკიმ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება 27 მაისს გააკეთა 26 მაისის საპროტესტო აქციების არაობიექტური გაშუქების გამო, თუმცა მეორე დღეს მან შეცვალა ეს გადაწყვეტილება. 

”დღეს ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას და საბჭოს წევრობიდანაც გადავდგები,”- განაცხადა ერეკლე ტრიპოლსკიმ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე 30 მაისს, ”მინდა, რომ ჩემი ეს ნაბიჯი არ იქნას საზოგადოების მხრიდან გაგებული არასწორად, როგორც პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. უბრალოდ დავრწმუნდი, რომ საზოგადოების წინაშე ჩემს მიერ ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად განხორციელება არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია”.

მან იმედი გამოთქვა, რომ მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დააფიქრებს საზოგადოებას ტელევიზიაში არსებული სიტუაციის შესახებ.

მისი თქმით, დღევანდელი გენდირექტორი ლევან ყუბანეიშვილი ”საზოგადოების დროულ და ყოველდღიურ” ინფორმირებას ”არ ან ვერ ახორციელებს”.

მან მოუწოდა საბჭოს დანარჩენ წევრებს ”მწვავედ და კრიტიკულად შეაფასონ” გენდირექტორის საქმიანობა და ასევე შეახსენა, რომ მათ აქვთ უფლება ”უნდობლობა გამოუცხადონ გენერალურ დირექტორს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო”.

მან ასევე განაცხადა: ”ვერ გავხდები ვერცერთი იმ პოლიტიკური სუბიექტის მძევალი, ვინც ჩემს დამტკიცებას ხმა მისცა პარლამენტში კენჭისყრისას”.

მისი ერთ-ერთი მოტივაცია თანამდებობიდან წასვლისას იყო სამეურვეო საბჭოს შეზღუდული საკანონმდებლო უფლებები. 

”აუცილებელია სამეურვეო საბჭო გახდეს უფლებამოსილი და ქმედითი ორგანო და უზრუნველყოს საზოგადოების ინტერესების დაცვა,”- აღნიშნა მან,  ”საქართველოში რეალურად არსებული ვითარების ფონზე ახალი ამბების დროული, ადეკვატური და ყოველმხრივი მიწოდება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამიტომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია ამ საკითხების შესწავლას და შეფასებას სამართლიანად და ზნეობრივად მიუდგეს და არ დარჩეს ე.წ კვოტების მძევლად”.

მას ”კვოტებში” მხედველობაში ჰქონდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარდგენით არჩეული áƒ¬áƒ”ვრები სამეურვეო საბჭოში. 

Civil.Ge © 2001-2024