საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურევო საბჭო სამომავლო გეგმებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jun.'08 / 17:44

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტელევიზიაზე ზეწოლას არ ახორციელებს.

”ზეწოლა ნამდვილად არ განხორციელებულა, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ საზოგადოებრივ მაუწყებელში,”- განაცხადა 12 ივნისს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გახელაძემ ”რია ნოვოსტის” თბილისი ბიუროს ოფისში გამართულ შეხვედრაზე

გახელაძე სამეურვეო საბჭოს მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც 30 მაისს ერეკლე ტრიპოლსკიმ, ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და იმავდროულად, მოუწოდა დანარჩენ წევრებს არ დარჩენილიყვნენ პოლიტიკური კონიუტქურის ”მძევლებად”. ტრიპოლსკის ამ გადაწყვეტილებისკენ 26 მაისის ოპოზიციის საპროტესტო აქციის, მისი თქმით, არაობიექტურმა გაშუქებამ უბიძგა და ამის გამო არხის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრმა მარინა ვეკუამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის არასათანადო გაშუქება პროფესიული კადრების არ არსებობით იყო გამოწვეული და არა ”რაღაც ჩანაფიქრის” გამო.

ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის არსებობა უარყო ასევე სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირმა სოხაძემ.

”ზეწოლა ნამდვილად არ გვიგვრძნია,”- განაცხადა მან, ”მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლებისთვის დღეს ნამდვილად არ არის მომგებიანი, რომ ეს ტელევიზია იყოს, სამწუხაროდ, დღემდე როგორც გვეძახიან -  ტენდენციური და ჯიბის ტელევიზია”.

ლევან გახელაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს სურვილია გაიფართოვოს უფლებები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით. 

”მე ვფიქრობ ამ საკითხებზე მსჯელობა დაიწყება აგვისტო-სექტემბრიდან პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში,”- განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელი გეგმავს BBC-თან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას სატელევიზიო მიმართულებით, ხოლო  რადიომაუწყებლის განხრით ასეთივე თანამშრომლობას Deutsche Welle-თან.

საზოგადოებრივ მაუწყებლეზე იგეგმება ასევე ტექნიკური გადაიარაღება და ახალი არხების  - საინფორმაციო, სპორტული, კინო, კულტურულ-შემეცნებითი - ამოქმედება.

Civil.Ge © 2001-2024