![]() |
|||
20 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე გაერთიანებული ოპოზიციის 11 დეპუტატს შეუწყდა. კენჭისყრის შედეგად ვადამდე დატოვეს სადეპუტატო მანდატები: ეკა ბესელიამ - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ლევან გაჩეჩილაძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ - პარტია თავისუფლება, დავით გამყრელიძემ - ახალი მემარჯვენეები, კობა დავითაშვილმა - ხალხის პარტია, მამუკა კაციტაძემ - ახალი მემარჯვენეები, დავით საგანელიძემ - ახალი მემარჯვენეები, ფიქრია ჩიხრაძემ - ახალი მემარჯვენეები, გუბაზ სანიკიძემ - ეროვნული ფორუმი, ზვიად ძიძიგურმა - კონსერვატიული პარტია და გიორგი ხაინდრავამ. კიდევ ერთ დეპუტატს ახალი მემარჯვენეებიდან ირაკლი იაშვილს, რომელმაც საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის მზადაა დიალოგი გამართოს როგორც პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ისე ყოფილ კოლეგებთან, რომლებმაც პარლამენტის დატოვების რადიკალური გზა აირჩიეს. ”ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია ასეთი გზა, აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულვებელყოფის გზა,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ კენჭისყრის დარულების შემდეგ. პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს ლეიბორისტული პარტიის სიით გასული ექვსი დეპუტატიდან ოთხის, მათ შორის პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, განაცხადებს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025