ბურჯანაძემ ფონდი დააფუძნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'08 / 16:48


ნინო ბურჯანაძე და აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.  


დემოკრატიული განვითარების ფონდი
ორიენტირებული იქნება პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე, თავისუფალი მედიის, ბიზნესის და სასამართლო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, რადგან ”არ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი დემოკრატიის იმ ხარისხით, რაც დღეს ქვეყანაშია,”- განაცხადა დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მისი ახლადდაფუძნებული ფონდის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს ელჩების დელეგაცია; საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდის პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძეა, ხოლო 19-წევრიან მრჩეველთა საბჭოში შედიან: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი რექტორი - გიორგი მარგველაშვილი; კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დავით პატარაია; პოლიტიკური მიმოხილველები  - სოსო ცისკარიშვილი; რამაზ საყვარელიძე; სოსო ცინცაძე; ლევან ალექსიძე; არჩილ გეგეშიძე; სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი; ყოფილი დეპუტატები  - გოგიტა გეგელაშვილი; დავით ბაზღაძე; რომან კუსიანი და რეჟისორი ელდარ შენგელაია; სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე; კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ მურღულია; ასევე კომპანია ”BGI Legal”-ის დირექტორი ზაზა ბიბილაშვილი; პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს წევრი ზურაბ ბიგვავა; გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი მანანა სალუქვაძე.

”ეს არის განსხვავებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ძალიან ძლიერი ფონდი ძლიერი ადამიანებით,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ეფექტური და ძალიან ხმამაღალი სიტყვის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რადგან ჩვენ ობიექტური კრიტიკით მივუდგებით პრობლემებს”. 

ფონდს საქართველოს რეგიონებში ექნება საკუთარ წარმომადგენლობათა ქსელი და დაფინანსებას მიიღებს áƒ¡áƒáƒ”რთაშორისო დონორებისგან და ”ადგილობრივი კერძო ბიზნესისგან”. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება და ანალიზი, ”წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით”.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს áƒ“ემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, რათა ქვეყანა ლიდერებზე აღარ იყოს დამოკიდებული და ”მხოლოდ ერთი ძალა არ იყოს გადაწყვეტილების მიმღები”.

ბურჯანაძის თქმით, მის უახლოეს გეგმებში შედის შეხვედრების დაწყება საზოგადოების ფართო ფენებთან და კონფლიქტურ რეგიონებში ვიზიტები. ”ფონდი ხელს შეუწყობს შერიგებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ ქმედებას, მიმართულს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოწერიგებისაკენ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

ფონდის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახლლადდაფუძნებულ ორგანიზაციას აქვს პრეტენზია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის სწორი მიმართულებით ფორმირებაზე და ”ამ თვალსაზრისით ის, ფართო გაგებით, პოლიტიკური ორგანიზაციაა”.

დღევანდელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა, გერმანიის ელჩი პატრისია ფლორი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, რომლებიც ბურჯანაძის ფონდის დაფუძნებას მიესალმნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს. 

”არ არსებობს იმაზე მაღალი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ ქვეყანაში, ვიდრე დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას ააშენონ დემოკრატია და განავითარონ დემოკრატიული ინსტიტუტები,”- განაცხადა ტეფტმა, ”ამიტომ ჩვენ ვიქნებით თქვენი საქმის მხარდამჭერები და გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას”.

Civil.Ge © 2001-2024