სოხუმმა ამერიკელების წინადადება უარყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'08 / 11:38

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარყო აშშ-ს წინადადება თვითგამოცხადებული რეგიონის ტერიტორიაზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების თაობაზე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 7 ივლისს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ბოლო დროს გახშირებული აფეთქებების ფონზე საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის ”უკიდურესი აუცილებლობა” არსებობს.

”ჩვენ ტერიტორიაზე არანაირი საერთაშორისო საპოლიციო ძალები არ იქნება,”- განუცხადა ბაღაფშმა 8 ივლისს ”ინტერფაქსს”, ”ჩვენ არ ვაპირებთ ყური ვუგდოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებს, რომლებიც ყოველთვის ცალმხრივ პროქართულ პოზიციას გამოხატავს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი არ განაახლებს მოლაპარაკებებს თბილისთან, ვიდრე ”ჩვენ ტერიტორიაზე ტერაქტები არ შეწყდება”.

7 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ áƒ¬áƒ§áƒ•áƒ”ტს მოლაპარაკებებს თბილისთან, რომელიც აფხაზეთის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ტერორიზმის პოლიტიკას ახორციელებს. სოხუმმა გაგრასა და სოხუმში 29 და 30 ივნისს მომხდარ ოთხ აფეთქებაში, ასევე გალში 6 ივლისს მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, თბილისი დაადანაშაულა. თუმცა ქართულმა მხარემ ამ ბრალდებებს ”აბსურდული” უწოდა.

Civil.Ge © 2001-2024