სახალხო დამცველი ეწინააღმდეგება პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'08 / 16:42

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკრიტიკა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და შეაფასა ის, როგორც ”პირდაპირი დარტყმა დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე”.

კანონპროექტზე თავისი უარყოფითი შეხედულებები სახალხო დამცველმა უკვე მიაწოდა წერილობითი ფორმით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.

კანონპროექტი პარლამენტმა ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველი მოსმენით 5 ივლისს მიიღო. საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, საბიუჯეტო დაფინანსება, დაახლოებით 600 ათასი ლარის ოდენობით, გაერთიანებული ოპოზიციის ექვს პარტიას შეუწყდება. ოპოზიციამ ამ ინიციატივას მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება უწოდა იმის გამო, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით გამოხატეს თავიანთი პროტესტი ”გაყალბებული არჩევნების” მიმართ. თუმცა მმართველი პარტიის არგუმენტია, áƒ áƒáƒ› ის, ვინც უარს ამბობს ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე საკანონმდებლო ორგანოში, არ აქვს უფლება იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

თუმცა სახალხო დამცველი კანონზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმს წარმოადგენს არა პარლამენტში ყოფნა, არამედ პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში 4%-იანი ბარიერის გადალახვა. დაფინანსებას ის პარტიები იღებენ, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში 4%, ხოლო ადგილობრივ არჩევნებში  ხმათა 3% მაინც მიიღეს.

”პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულ პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა თავიანთი შეხედულებისამებრ და იმ ფორმით მიიღონ, როგორითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ”შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, განსაზღვროს მათი საქმიანობის სახე და დააწესოს სანქცია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა არ პასუხობს განსაზღვრულ მოთხოვნებს”.

სუბარი ასევე აღნიშნავს, რომ  ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიებს ხმის მიცემისას მიანიჭა  ნდობის მანდატი და მისი სახელით მოქმედების უფლება, მათ შორის, ”პროტესტის ფორმის შერჩევაშიც”.

”აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება მოქალაქეთა  გარკვეული ნაწილის პოლიტიკურ ნებას,”- აღნიშნავს სუბარი.

დღესვე კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის ინიციატივა ”ეს არის პოლიტიკური სასჯელი იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს არჩევნების გაყალბებაზე”.

იმავდროულად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გამოვიდა ალტერნატიული ინიციატივით, რათა ექვს ოპოზიციურ პარტიას ნაწილობრივ მაინც შეუნარჩუნდეთ დაფინანსება და მოეხსნათ მხოლოდ დაფინანსების ის კომპონენტი, რომელიც მიღებული მანდატების მიხედვით განისაზღვრება  - თითო დეპუტატზე თვეში 600 ლარის ოდენობით. ქრისტიან-დემოკრატებიდან ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ეს პარტიები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებას 150 ათასი ლარის ოდენობით და ასევე თითოეულ მიღებულ ხმაზე განსაზღვრულ თანხებს.

თუმცა ეს ინიციატივა უარყვეს როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.

”ჩვენი პოზიცია უცვლელი იქნება,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ”ეს ალტერნატივა ჰგავს არა მკითხე მოამბეების პოზიციას. როგორც ჩანს, ასეთი ფორმით ისინი [ქრისტიან-დემოკრატები] საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ პოლიტიკურ სპექტრში”.

Civil.Ge © 2001-2022