ნდობის ჯგუფში ოპოზიციას ორი წარმომადგენელი ეყოლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jul.'08 / 18:05

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც ოპოზიციის რაოდენობა ამ ჯგუფში ერთიდან ორ დეპუტატამდე áƒ˜áƒ–რდება.

დანარჩენი სამი წევრი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქნება: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი და ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. 

მმართველი პარტიის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტების მიცემის პოლიტიკის ნაწილია.

პარლამენტი ნდობის ჯგუფს კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ დააკომპლექტებს.

ნდობის ჯგუფი ის საპარლამენტო სტრუქტურაა, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე და ძალოვანი უწყებების ბიუჯეტის საიდუმლო მუხლების ხარჯვის კონტროლის ფუნქცია აკისრია.

წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციას ნდობის ჯგუფში ერთი კვოტა ჰქონდა, თუმცა ის ბოლომდე ვაკანტური დარჩა, რადგან ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა უმრავლესობამ დაბლოკა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის, ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეყვანა ამ ჯგუფში.

Civil.Ge © 2001-2022