თბილისი ცხინვალის რეგიონში სროლების შესახებ იტყობინება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jul.'08 / 10:33

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ საგუშაგოებს 29 ივლისს ღამით და გამთენიისას სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ცეცხლი გაუსხნეს, იტყობინებიან ”რუსთავი 2” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ამავე ინფორმაციით, იერიში სარაბუკის სიმაღლეზე მდებარე საგუშაგოებზე იქნა მიტანილი. სროლების შედეგად არავინ დაშავებულა. სამხრეთ ოსეთის მხარეს ამის თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, 28 ივლისს კონფლიქტის ზონას სტუმრობდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დელეგაცია ასევე ესტუმრა სარაბუკის ”სტრატეგიულ სიმაღლეს” და იქ ქართული სახელმწიფო დროშა აღმართა.

28 ივლისს კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა იტყობინებოდა კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ áƒ”თ ოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა არ მისცეს საშუალება სამშვიდობოებს და ეუთოს დამკვირვებლებს სოფელ ჩოლიბაურში მონიტორინგი განეხორციელებინათ. ქართული მხარის განცხადებით, ოსური შეიარაღებული ნაწილები ამ სოფლის მახლობლად საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ.

”ისინი [სამხრეთ ოსური შეიარაღებული ნაწილები] იარაღით იმუქრებოდნენ და რამდენიმე გასროლაც განახორციელეს ჰაერში დამკვირვებელთა თავზე,” - იტყობინებიან ”ინტერფაქსი” და ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ვლადიმერ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით. ”სამხრეთ ოსური მხარის ამგვარი ქმედებები კონფლიქტის ზონაში დაძაბულობას ამწვავებს ”.     

Civil.Ge © 2001-2024