რუსმა და ქართველმა დიპლომატებმა სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Aug.'08 / 11:50

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 3 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს. მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარასინმა განუცხადა ვაშაძეს, რომ მოსკოვი ”სერიოზულადაა შეშფოთებული” დაძაბულობის ზრდის გამო, რაც არის შედეგი ”ქართული მხარის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა” 2 აგვისტოს შუაღამისას, როდესაც ცხინვალის საცხოვრებელი კვარტლების მასიული დაცხრილვა განხორციელდა. 

”თბილისმა უნდა გაითავისოს მოვლენათა ძალისმიერი სცენარით განვითარების რეალური საფრთხე და მიიღოს ქმედითი ზომები კრიზისის გაღრმავების თავიდან აცილების მიზნით,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. ”გრიგოლ ვაშაძემ დაგვარწმუნა, რომ ქართული მხარე აპირებს მიაღწიოს კონფლქიტის ზონაში დაძაბულობის შემცირებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებების გზით”.

Civil.Ge © 2001-2024