ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - აცხადებს თბილისი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 15:07

რუსეთმა უნდა გამოიყენოს საკუთარი  ზეგავლენა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაზე და დაარწმუნოს ისინი შეწყვიტონ ქართული სოფლების დაბომბვა და ჩაერთონ თბილისთან პირდაპირ მოლაპარაკებებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

”საქართველო დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ნაცვლად სეპარატისტების წაქეზებისა სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, უზრუნველყოს მათი ჩართვა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების და არსებული განსხვავებების ცივილური ფორმებით მოგვარების პროცესში,” - ნათქვამია განცხადებაში, ”უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას ეკისრება”.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მიერ სეპარატისტული ხელისუფლებისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდება ”არის საქარათველოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის მორიგი აქტი”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის პრიორიტეტებიც დაასახელა, რაც დაძაბულობის განმუხტვას და მომავალში შეიარაღებული კონფრონტაციის აღკვეთას დაეხმარება.

”სასწრაფოდ უნდა დაწესდეს ერთობლივი მონიტორინგი როკის გვირაბზე, უნდა გაიზარდოს ეუთოს სამხედრო მონიტორების რიცხვი ცხინვალის რეგიონში, უნდა მოხდეს მოლაპარაკების ფორმატის მყისიერი ცვლილება და კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყება და უპირობოდ უნდა დაიწყოს რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება საკუთარ სახლებში,” - განაცხადა საგარეო უწყებამ.
”მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო, ადამიანური და ტექნიკური რესურსის დახმარებით ახერხებენ სეპარატისტები ძალაუფლების შენარჩუნებას,” - განაცხადა მან. ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციას ეყოფა სიბრძნე, არ ჩაშალოს დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები [ცხინვალში] და მშვიდობიან კალაპოტში გადაიყვანონ რეგიონში მიმდინარე ფეთქებადი პროცესები”.

 

Civil.Ge © 2001-2024