ქართული ძალები ცხინვალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Aug.'08 / 14:48

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ 8 აგვისტოს განაცხადეს, რომ ცხინვალის დიდ ნაწილს ქართული ძალები აკონტროლებენ.

”ცხინვალის დაახლოებით 70%-ი და მისი შემოგარენი სოფლები დაკავებულია ჩვენი ჯარის მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა,” - განუცხადა გიგი უგულავამ ”რუსთავი 2”-ს.

მისი თქმით, საქართველო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მორატორიუმს აცხადებს ცეცხლის გახსნაზე და სპეციალურ დერეფანს გახსნის სოფელ ერგნეთში, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შეეძლებათ გადმოსვლა.

”ჩვენ დავაბინავებთ მათ გორში ან ახლომდებარე სოფლებში,” - განაცხადა უგულავამ. ”იმ ხალხს, ვინც მეორე მხარეს იბრძვის, ვთავაზობთ დადონ იარაღი და ვთავაზობთ მათ უსაფრთხო გადაადგილებას, რათა ავიცილოთ მომდევნო სისხლისღვა და შემდგომი ესკალაცია”.

ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მოუწოდა ოს სეპარატისტებს შეწყვიტონ ბრძოლა.

”თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი დატოვოთ იარაღი, სადაც არის და გადმოხვიდეთ ერგნეთში. თქვენთვის გარანტირებული იქნება ამნისტია, არავის დევნა არ განხორციელდება,” - განაცხადა სანაკოევმა.   

 

Civil.Ge © 2001-2024