რუსეთის თქმით, მისი ძალები სამხრეთ ოსეთში მშვიდობის განმტიცებისთვის შევიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'08 / 12:42

რუსეთის 58-ე არმიის შენაერთებმა მოახერხეს ცხინვალის მისადგომებთან მიღწევა და დაიწყეს მზადება მშვიდობის განმტკიცების ოპერაციისთვის, განაცხადა რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწემ.

იგორ კონაშენკოვის თქმით, მათი ამოცანაა საცეცხლე პოზიციების ჩახშობა, მათ შორის საჰაერო ძალების გამოყენებით რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში.

”ინტერფაქსი” იტყობინება კონაშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთის 58-ე არმიის სატანკო, საარტილერიო, მოტორიზებული და სადაზვერვო შენაერთები რეგიონში განთავსდა.

მისი თქმით, რუსულმა კოლონამ მოახერხა ცხინვალთან მისვლა მიუხედავად ქართული ძალების მცდელობებისა შეეჩერებინათ მათი სვლა.

თუმცა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალები და სამხედრო ტექნიკა ჯავაშია განთავსებული და ცხინვალისკენ ვერ მოდიან. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გუფთის ხიდი იმ გზაზე, რომელიც ჯავას ცხინვალს უკავშირებს აფეთქებულია.

ამავრდოულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შუაღამისას მომხდარი სროლების შედეგად კიდევ სამი რუსი სამშვიდობო დაიღუპა. სულ, დაღუპული სამშვიდობოების რაოდენობამ 15-ს მიაღწია.

ამავდროულად, ნიუ-იორკში შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ ისევ ვერ მოახერხა სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადების ტექსტზე შეთანხმება.

ბელგიის ელჩმა გაეროში ჟან გრაულსმა, რომელიც მიმდინარე თვეს საბჭოს პრეზიდენტია, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ზოგიერთმა წევრმა მეტი დრო მოითხოვა განხილვისთვის და დასძინა, რომ განხილვა მეორე დღეს გაგრძელდება.

ხოლო რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა საქართველო ”ეთნიკურ წმენდაში” დაადანაშაულა. ”სხვა რა უნდა ვუწოდოთ ამას, როდესაც საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი კვარტლები ინგრევა, როდესაც ათასობით ლტოლვილი ტოვებს რესპუბლიკას?,” - განაცხადა მან.

საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ამ უსაფუძვლო საბაბს იყენებს ”საქართველოს წინააღმდეგ მისი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად”. 


გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის და სენაკის დაბომბვის შედეგად ”ათობით” ადამიანი დაიღუპა

ათობით ადამიანი დაიღუპა შუაღამისას რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ფოთის პორტის და სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად.

რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ცნობით, ფოთში საქართველოს შეიარაღაბული ძალების სამხედრო გემები დაბომბეს, რის შედეგადაც სულ ცოტა ოცამდე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა.

რადიო ”იმედი” იტყობინებოდა, რომ სულ ცოტა 12 სამხედრო დაიღუპა სენაკის ბაზაზე განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად.

Civil.Ge © 2001-2024