რუსეთს საქართველოში რეჟიმის შეცვლა სურს - ვარაუდობს აშშ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Aug.'08 / 10:28

გაეროს უშიშროების საბჭოს 10 აგვისტოს სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას მწვავე დებატები გაიმართა ერთის მხრივ, ქართველ და რუს და მეორეს მხრივ, áƒáƒ›áƒ”რიკელ და რუს დიპლომატებს შორის.

გაეროს უშიშროების საბჭოში საჯარო დებატებზე საუბრისას აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უთხრა თავის ამერიკელ კოლეგას კოდოლიზა რაისს, რომ ”სააკაშვილი უნდა წავიდეს”.

”ეს სრულიად მიუღებელია; ეს უკვე ზღვარს სცდება,”- დაამატა მან.

ხალილზადმა შემდეგ მიმართა რუს კოლეგას ვიტალი ჩურკინს კითხვით, თუ ისახავს მიზნად რუსეთი ”რეჟიმის შეცვლას”.

ჩურკინს კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა, ”როიტერის” თანახმად, განაცხადა, რომ არიან ლიდერები, რომლებიც დაბრკოლებას წარმოადგენენ.

”ხანდახან ამ ლიდერებს სჭირდებათ სამსჯავროზე გამოყვანა რამდენად სასარგებლონი არიან ისინი თავისი ხალხისთვის,”- განაცხადა ჩურკინმა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმავდროულად, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა უშიშროების  საბჭოს დებატებში, განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვას, ქართველი ხალხის მოსპობას”.

საპასუხოდ კი რუსმა დიპლომატმა საქართველო კვლავ დაადანაშაულა სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ ”გენოციდში”. ალასანიას თქმით, ეს ბრალდება ”საბჭოთა პროპაგანდის” სტილშია და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამართლების საბაბად გამოიყენება.

მას ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ჩეჩნეთის სცენარი გაიმეოროს საქართველოში.

Civil.Ge © 2001-2024