სააკაშვილი თბილისის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Aug.'08 / 22:32

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და დაარწმუნა, რომ მათ ”მინიმუმ ხვალამდე” საფრთხე არ ემუქრებათ.

”12 საათით ადრე გეცოდინებათ, თუ რამე საფრთხე დაემუქრა დედაქალაქს. სასურველია მაქსიმალურად ვიყოთ სახლში,”- განაცხადა მან მოსახლეობის მისამართით უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას.

თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ამავე სხდომაზე გაახმოვანა ინფორმაცია, რომ თბილისის მისადგომებს ქართული ჯარები იცავენ, იმ ფონზე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გორის მიმდებარედ რუსული ჯარების ხელშია.

”მათ [რუსულ მხარეს] არ აქვს ისეთი რესურსები ამ ეტაპზე, რომ განახორციელოს საქართველოს დედაქალაქის დაკავება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ წარმოიქმნას პანიკის განცდა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება შექმნას პრობლემები”.

ეს განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა იმის გამო, რომ თბილისის მოსახლეობა მოსალოდნელი შეტევის შიშით დედაქალაქის სასწრაფოდ დატოვებას ცდილობს.

”ხვალამდე მინიმუმ თბილისს რამე საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”გთხოვთ დავრჩეთ სახლში იმიტომ, რომ ჩვენ ყოველ ერთ საათში მოგცემთ ინფორმაციას რა სიტუაცია და რა კონკრეტული ამოცანები შეიძლება შეიქმნას საათების და დღეების შემდეგ”.

მან ასევე განაცხადა, რომ სოლიდური სასურსათო რესურსი არსებობს და ასევე თბილისი რჩება ჰუმანიტარული დახმარების მიღების ცენტრად.

თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ეკონომიკური ბლოკადა მოუწყოს საქართველოს მოსახლეობას.

”ისინი უკვე გადადიან ჩვენ ეკონომიკურ მოხჩობაზე იმისათვის, რომ მოგვამწიფონ რაღაც სახის კაპიტულაციისთვის  - ეს არის მათი კონკრეტული ამოცანა დღეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024