კოდორს აფხაზები აკონტროლებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 23:23

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ზემო კოდორის ხეობას მისი ძალები აკონტროლებენ.

ოფიციალურმა თბილისმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

თუმცა, განსხვავებული ინფორმაციაა, თუ როგორ áƒ’ანვითარდა ეს პროცესი.

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ 12 აგვისტოს ქართულ ძალებთან ბრძოლების შედეგად აიღო ტერიტორია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ქართულმა ძალებმა კოდორი ჯერ კიდევ გუშინ ღამით დატოვეს.

ტელეკომპანია CNN უჩვენა მოკლე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ ხსნის აფხაზი მებრძოლი საქართველოს სახელმწიფო დროშას ხეობაში მდებარე ადმინიტრაციული შენობიდან.

ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 აგვისტოს უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა: ”კარგად მომზადებული გეგმის საფუძველზე, რამოდენიმე ასეული ერთეული რუსული [სამხედრო] ტექნიკა, რუსული სადესანტო ძალები დაეშვნენ [კოდორის ხეობაში] და გამოაძევეს და მოკლეს მოსახლეობის ნაწილი. ხეობა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. ეს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური შემთხვევა”.

ზემო კოდორის ზეობა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა.    

 

Civil.Ge © 2001-2024