საქართველოს ხელისუფლება უარყოფს თბილისის მიმართულებით რუსული ძალების სვლას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Aug.'08 / 17:23

საქართველოს ოფიციალური პირები უარყოფენ უცხოური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს თბილისისკენ მოემართებიან რუსული სამხედრო ძალები. ამ ინფორმაციას ”კატეგორიულად” უარყოფს მოსკოვიც.

”მათი სამხედრო ტექნიკა ჩვენ ქალაქებსა და სოფლებში შედიან და ჩანან, მაგრამ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არის,”- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, ”თბილისისკენ არანაირი მძიმე შეიარაღება და არც კოლონა არ დაძრულა”.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უცხოელი ჟურნალისტების ”გაზვიადებული ხედვა” უწოდა მათივე ინფორმაციას გორიდან რუსული მძიმე ტექნიკის დაძვრის თაობაზე.

”მე მინდა უარვყო ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ გადამოწმებული ფაქტების მიხედვით,”- განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილებაზე, რომელიც ფიზიკურად ვერანაირ საფრთხეს ვერ შექმნის.

თუმცა მან განაცხადა, რომ რუსული ჯარები  ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას ეწევიან, მათ შორის გორში.

Civil.Ge © 2001-2024