სააკაშვილი კონფლიქტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Aug.'08 / 12:31

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ხანგრძლივ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არსებულ კრიზისში ბრალი რუსეთს და დასავლეთის ჩუმ რეაქციას მიუძღვის.

სააკაშვილმა ამის შესახებ 24 აგვისტოს საღამოს  უმრავლესობიდან áƒ“ა უმცირესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გარკვეულწილად იყო მცდელობა აეხსნა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა მოვლენებმა განაპირობა რუსეთთან კონფლიქტი.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად იყენებდა დასავლურ მედია-საშუალებებს საზღვარგარეთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით ჩნდებოდა რა თითქმის ყოველდღიურად წამყვანი უცხოური ტელევიზიების ეკრანებზე. 24 აგვისტოს მისი ხანგრძლივი გამოსვლა იყო ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მცდელობა მოსალოდნელი ”მწვავე კითხვების” პერსპექტივის ფონზე, რომლის წამოწევაზეც áƒ˜áƒ¡ წინასწარ გააფრთხილეს ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და მათ შორის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. 

სააკაშვილმა თავისი გამოსვლა დაიწყო მათ შორის უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატებისათვის მადლობის გადახდით ერთიანობის დემონსტრირების გამო რუსული ოკუპაციის ფონზე.

”თუ რაიმეს ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო, ამ დღეებში მოხდა,”- განაცხადა მან, ”ლუსტრაციის კანონი საქართველოს არაფერში არ ჭირდება. კარგად გადახედეთ და ნახავთ, ვინ რა განცხადებები გააკეთა ამ დღეებში, ვინ აძლევდა რუსულ მედიას ამ დღეებში ინტერვიუებს და ყველაფერი ნათელი გახდება... დღეს თუ რამე არის მტრისათვის სახრჩობელა, ეს ჩვენი ერთიანობაა... დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა საქართველოს დამარცხება შეუძლია მხოლოდ ერთ ძალას, ესენი არიან ქართველები. ახლა თუ ჩვენ საკუთარ თავს არ გავუსწორდით, თუ ჩვენ საკუთარი ერთიანობა არ შევარყიეთ, ვერანაირი ტანკები ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებს”.

შემდეგ სააკაშვილმა განაგრძო რუსეთთან მიმართებაში იმ მთავარი მოვლენების ჩამოთვლა, რომელთაც მისი პრეზიდენტობის დასაწყისიდან,  2004 წლის დამდეგიდანვე ჰქონდა ადგილი, როდესაც, მისი თქმით, ის შეეცადა რუსეთთან კონტრუქციული ურთიერთობის დამყარებას.

”2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მოსკოვში. შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ შეხვედრა იყო კარგი... პირველი, რაც მან მთხოვა, ეს იყო საზღვრის გამაგრება და ჩრდილო-კავკასიაში ოპერაციის ჩატარებაში ხელის შეწყობა,”- განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, რუსების განსაკუთრებით შეშფოთებულები იყვნენ მაშინ პანკისის ხეობაში არსებული ვითარებით და საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის უკანონო გადაკვეთის ფაქტებით.

”მინდა ვაღიარო,რომ ჩვენ მაშინ მართლაც დავეხმარეთ რუსეთს, ჩვენ დავიწყეთ მათთან ერთად ფრენები საზღვართან, აღარ შევუშვით იქ იარაღი, შევწყვიტეთ ხალხის წინ და უკან მოძრაობა,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ შევქმენით სერიოზული ფაქტორი, რომლითაც მათ ამ ამოცანის შესრულება გაუადვილდათ”.[იხ. ამავე თემაზე http://www.civil.ge/geo/article.php?id=6056&search=ვაჰაბიზმის]

შემდეგ სააკაშვილმა გაიხსენა 2004 წლის აჭარის მოვლენები, როცა რეგიონის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე აიძულეს გაქცეულიყო რუსეთში. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ რუსეთს და მის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს იგორ ივანოვს არანაირი პოზიტიური როლი არ უთამაშიათ.

”[6 მაისს აბაშიძის გაქცევიდან] მეორე დღეს დავურეკე ვლადიმერ პუტინს...  მე მას მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”მახსოვს კარგად ეს ზარი, მან შემაწყვეტინა საუბარი და მითხრა - აჭარაში ჩვენ არ ჩავერიეთ, მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთში ჩვენგან თქვენ არანაირი საჩუქრები აღარ გექნებათ. აი რა მითხრა მან,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

შემდეგ, განაგრძო მან, რომ დაიწყო პროვოკაციების მთელი სერია ცხინვალის რეგიონში, რასაც მოჰყვა 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებული შეტაკება.

მისი თქმით, მას შემდეგ რუსეთი, რომელიც პირდაპირ აკონტროლებდა ცხინვალში ვითარებას, ყველანაირად უშლიდა ხელს პირდაპირი დიალოგის გამართვას სამხრეთ ოსურ მხარესთან.

”2006 წლის იანვარში საქართველოზე, ენერგეტიკული ხაზების აფეთქების კუთხით, პირველი სერიოზული დარტყმა განხორციელდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, მათ შორის ”იგორ გიორგაძის ჯგუფების დაფინანსების” კუთხით და ასევე გორში ტერორისტული აქტების მოწყობის თვალსაზრისით, რომლის დროსაც აფეთქებამ სამი პოლიციელი იმსხვერპლა, ხოლო 27 ადამიანი დაიჭრა.

სააკაშვილმა ასევე გაიხსენა ”რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის” რომან ბოიკოს დაკავება გორის ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით. ”ჩვენ გვქონდა მტკიცებულება, რუსეთმა გვთხოვა მისი გაშვება, ეს იყო ნამდვილი ტერორისტი... ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რუსეთი ამას დააფასებდა... ვფიქრობ, შეცდომით, მაგრამ ბოიკო გადავეცით რუსებს”.

ამ ინციდენტის შემდეგ, სააკაშვილის მტკიცებით, რუსულმა სპეცსამსახურებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს საქართველოში მოქმედებები.

”2006 წლის შემოდგომაზე, იძულებული ვიყავით დემონსტრატიულად დაგვეკავებინა მათი სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო.

”სპეცსამსახურების გათვლა იყო ასეთი - ხალხი უნდა გამოსულიყო ქუჩაში, ჩაებნელებინათ ქალაქი და მთავრობა უნდა დაემხოთ. მსგავსი არაფერი არ მოხდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან 2007 წლის ნოემბრის მოვლენები მოკლედ გაიხსენა და განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ საპროტესტო ტალღის ყველა მონაწილე თანამშრომლობდა რუსეთთან.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ”დასავლეთის სპეცსამსახურების ცნობით”, გასული წლის ნოემბრის მოვლენების წინ საქართველოში და სომხეთში ჩამოსული იყვნენ კანონიერი ქურდები - ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე ”იაპონჩიკი“, რომელიც ”ახლოს არის რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან”. სააკაშვილის თქმით, ”ისინი იხილავდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა ვარიანტს... ვერ წარმომედგინა, რომ ვიღაც ”იაპონჩიკს“ შეეძლო რევოლუციის მოწყობა. მე ეს სერიოზულად არ მივიღე”.

ყველაფერ ამის ფონზე სამხედრო ინტერვენცია  რუსეთს ერთადერთ შესაძლებლობად დარჩა საქართველოს მთავრობის ჩამოსაგდებად, რადგან ყველა სხვა სცენარი ჩაეშალათ, განაცხადა სააკაშვილმა.

”2007 წელს უკვე რუსეთის მთავრობამ დაიწყო ფიქრი სამხედრო ინტერვენციაზე,”- აღნიშნა მან, ”[2007 წლის ივლისში] რუსეთი გამოვიდა ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც კავკასიაში ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზღუდავდა”.

საქართველოში შემოვიდა სამი ათასამდე ჯავშანტექნიკა, განაცხადა მან.

”ჩვენ გვყავდა 200 ტანკი, ვინაიდან მეტის ყოფნის უფლება არ გვქონდა, რუსეთმა მოიხსნა ეს ვალდებულება და იმდენი ჯავშანტექნიკა ქონდა, რამდენიც მოისურვა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ”დასავლელი პარტნიორები” იმის გამო, რომ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმეს რუსეთის ამ ნაბიჯს.

”ის ფაქტი, რომ რუსეთს 2007 წელს ჩეჩნეთში არ ჭირდებოდა ამდენი ტანკი, იყო დღესავით ნათელი. მე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხარი - რუსეთი აკეთებს ჯავშანტექნიკის კონცენტრაციას საქართველოს საზღვართან. ნუთუ ეს არ არის სიგნალი იმისათვის, რომ რაღაცა მზადდება?”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი დაღესტანში 2008 წლის თებერვალში, სადაც მან დაავალა რუსეთის ხელისუფლებას მოეხდინათ დაღესტნის კახეთთან დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია. ერთადერთი კანონიერად მოქმედი საავტომობილო გზა რუსეთმა საქართველოსთან 2006 წლიდან ჩაკეტა.

”ნუთუ ამ გამონათქვამს არ უნდა შეეღვიძებინა მთელი მსოფლიო?” - იკითხა სააკაშვილმა, ”რუსეთის ტელევიზია კონტროლდება. როცა ჩანაწერში ამას უშვებდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურდა ყველას გაეგო იმის შესახებ, რომ ამ თემაზე იგი ფიქრობს. ამის თაობაზე მსოფლიოს მხრიდან იყო ნულოვანი რეაქცია”.

მან ასევე გააკრიტიკა ევროპის რეაქცია ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე რუსეთის აღიარებასთან მიმართებაში.

”როცა ისინი [რუსული თვითმფრინავები] ივლისში შემოვიდნენ და აღიარეს ეს ფაქტი, ისინი აშკარად ცდიდნენ დასავლეთის რეაქციას,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ექვსი დღე დაჭირდა ევროკავშირს, რომ ამაზე გაეკეთებინა განცხადება. განცხადება იყო შემდეგი შინაარსის- ორივე მხარეს მოვუწოდებ პროვოკაციისაგან შეიკავონ თავი. ეს იყო პირდაპირი ”დაპატიჟება“ შემდგომი რაღაცეების გასაკეთებლად”.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მდუმარებით შეხვდა ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წრთვნებს, რომელსაც დაარქვეს ”მშვიდობის იძულების ოპერაცია საქართველოში”.

”ამასაც მსოფლიოს გასაგონად ამბობდნენ [რუსეთში], თუმცა არავინ არაფერი არ თქვა. მათ სულ აინტერესებდათ, მათ მიერ გადადგმულ ამა თუ იმ ნაბიჯზე ნატოს ექნება თუ არა რეაქცია? დაემუქრება თუ არა ჯარების შემოყვანით? გემებს და თვითმფრინავებს თუ შემოიყვანენ? პრინციპში რეაქცია იყო ნულოვანი,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, როცა აფრთხილებდა დასავლელ ლიდერებს რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის თაობაზე, ”მათ ეგონათ, რომ მე ამას ვაზვიადებდი”.

2008 წლის თებერვალში, როცა სააკაშვილი პუტინს შეხვდა, საუბრის შედეგად საქართველოს პრეზიდენტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ომით იმუქრებოდა.

შემდეგ იყო ნატოს ბუქარესტის სამიტი აპრილში, სადაც სააკაშვილის შეფასებით, სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული.

”ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის მოეცათ MAP (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა), მათ თქვეს, საქართველოს MAP-ს არ ვაძლევთ, ვინაიდან მას აქვს კონფლიქტები და ამ თემას დავუბრუნდებით დეკემბერში,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში, არანაირი სხვა გარანტია არ არსებობდა.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მან აუხსნა დასავლელ ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაციის თაობაზე მიზნად ისახავდა ამ გზით ჯარებისა და მძიმე ტექნიკის შემოყვანას საქართველოს დასაპყრობად.

მან ასევე პირველად დაადასტურა გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთს შესთავაზა აფხაზეთის გავლენის სფეროებად გაყოფა.

”მინდა ვთქვა, რომ ვცადე რუსეთთან მოლაპარაკება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ” მივწერე წერილი რუსეთის პრეზიდენტს[დიმიტრი მედვედევს], სადაც ვთხოვე მოლაპარაკების თაობაზე. ვუთხარი, იქნებ შევთანხმდეთ ასე - მდინარე კოდორამდე, სადაც ხალხი არ ცხოვრობს, პირველ ეტაპზე შევიყვანოთ ჩვენი დევნილები, თქვენი სამშვიდობოები გადაიყვანეთ მდინარე კოდორზე და ჩვენ მზად ვართ ახალ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული და რაღაც სახის ხელშეკრულება თქვენთან გვექნება და თქვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მინიმუმ აფხაზეთის ნახევარში ამ ეტაპზე შევიყვანთ დევნილებს, ვნახავთ ეტაპობრივად როგორ მოხერხდება კონფლიქტის გადაწყვეტა”.

”რუსეთის სურვილი რომ ყოფილიყო შეთანხმება და ომის თავიდან აცილება, ამაზე კარგ წინადადებას ისინი ვერ მიიღებდნენ. ისინი ამით რეალურად თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს იცავდნენ, საკუთარი თავის ლეგალიზაციას ახდენდნენ საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებში, მხოლოდ ჩვენი ნებართვით. მეორეს მხრივ, ჩვენც ვიწყებდით ეკონომიკური სივრცეების ათვისებას, ხალხის შეყვანას და ამ ყველაფრის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანას. აფხაზეთისა და ქართველების ურთიერთობის აღდგენას და იმის ჩვენებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურად ამ რეგიონის აღდგენა და მშვიდობიანად ამ საკითხის გადაწყვეტა”.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა  ”დამცინავი პასუხი - დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთში ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევიაო”.

სააკაშვილის თქმით, ივნისში მისი პირველი შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან ”იყო კარგი”, თუმცა ივლისში ასტანაში გამართულ შეხვედრაზე ”მისი განწყობა უკვე შეცვლილი იყო”.

”მას აშკარად ეტყობოდა, რომ სხვა ძალები ამოქმედდნენ იქ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”დაიწყო ახალი პირობების წამოყენება - გაგვიცხადეს, რომ დაუყონებლივ გავსულიყავით კოდორიდან. კოდორიდან ნებით გასვლა ნიშნავდა პრაქტიკულად ზემო აფხაზეთის ჩაბარებას უბრძოლველად. გასაგები იყო, რომ მათ მოლაპარაკების სურვილი არ ჰქონდათ. უკვე ივლისში გამიჩნდა განცდა, რომ მან იცის რაღაც, რაც მე არ ვიცი... ასტანაში მედვედევთან მოკლე ურთიერთობით მე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. მძიმე ხასიათზე ვიყავი, მქონდა ცუდი განცდა იმის თაობაზე, რომ ესენი კარგი საქმისათვის არ იყვნენ მზად”.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისი რუსეთისგან თავდასხმას უფრო აფხაზეთის მიმართულებაზე ელოდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთზე, ამიტომ საქართველოს მთავარი ძალები დასავლეთით იყო განთავსებული.

მისი თქმით, სიტუაციამ ფეთქებადსაშიშ ვითარებას 7 აგვისტოს მიაღწია, ”ცხინვალთან ჩვენ მივწიეთ მხოლოდ ერთი ბრიგადა, მოგვიანებით, კიდევ ერთი”.

”მაგრამ ძირითადი ძალები ჩვენ დასავლეთში გვყავდა. სენაკშიც დავტოვეთ ბრიგადა და არ გამოგვიწვევია ბრიგადა ერაყიდან. ადრეც, როცა სიტუაცია იძაბებოდა, მოგვყავდა ახლომდებარე ბრიგადები მზადყოფნაში, მაგრამ მე მაინც ბოლომდე მწამდა, რომ რუსეთი ამხელა პროვოკაციებზე არ წამოვიდოდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”მიუხედავად იმისა, რომ გვიშენდნენ 120 მილიმეტრიან ქვემეხებს. როცა მე გამოვაცხადე ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, ამ დროს სოფელ ავნევში ჩვენ გვყავდა მოკლული ჩვენი ჯარისკაცი და გვყავდა 4 დაჭრილი ჯარისკაცი.  [თავდაცვის მინისტრი] დავით კეზერაშვილი ჩამივარდა მუხლებში და თქვა, მომეცი უფლება გავხსნა საარტილერიო ცეცხლი. სხვანაირად მე ვერ გამომყავს ჯარისკაცები გზიდან. ეს გზა გადაკეტილია, გვიშენენ ნაღმებსო. ჩემი პასუხი ამაზე იყო ასეთი- რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ახლა ცეცხლს ვერ გავხსნით,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა მხარეს სცადა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირება, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ უკვე ვეღარ აკონტროლებდნენ ოს სეპარატისტებს და მებრძოლებს.

მისი თქმით, 7 აგვისტოს საღამოს ინფორმაცია მოვიდა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა შემოდიოდა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში. მისი თქმით, საქართველო იცავდა არსებულ შეთანხმებებს და არ ჰქონდა მძიმე შეიარაღება თვითგამოცხადებული რეგიონის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

”ერთადერთი გზა, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ დაუცველ სოფლებში, იყო საშუალო არტილერიის გამოყენება და დიდი გუბთის ხიდისა და როკის გვირაბის აფეთქება. ამიტომ, როცა მათ შემოსვლა დაიწყეს, რამდენიმე წუთის შემდეგ, მივიღეთ მტრის მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობდით ოსური პოზიციებიდან გახსნილ ცეცხლს - ცხინვალის ცენტრიდან - მთავრობის სასახლიდან და მათი თავდაცვის სამინისტროდან,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მკაცრად გააფრთხილა არ ესროლათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რაც  ”შესრულდა კიდეც”.

”ჩვენი პირველი საჰაერო გაფრენა დილით ადრე, გარიჟრაჟზე ჯავა-როკის მიმართულებით განხორციელდა. ჩვენმა მფრინავებმა მაშინვე გადმოგვცეს, რომ მთელი გზა სავსე იყო რუსული სამხედრო ტექნიკითა და ჯარისკაცებით,”- განაცხადა მან აღნიშნა რა, რომ შეუძლებელი იყო ამ რაოდენობის რუსული ძალების შემოდინება მხოლოდ ერთ ღამეში.

ამით სააკაშვილი შეეცადა საწინააღმდეგო ემტკიცებინა იმისა, რასაც მოსკოვი აცხადებს - რომ გამოაგზავნა თავისი ჯარები სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ, რაც ქართულმა ძალებმა ცხინვალზე შეტევა წამოიწყეს.

”ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გამოიწვია ეს მოვლენები, კარგად დათვალოს როგორ შეიძლება ამდენად დიდი რაოდენობის ტექნიკის შემოტანა რამდენიმე საათში თუკი ეს მრავალი თვის განმავლობაში მომზადებული გეგმა და სცენარი არ იყო და თუკი ეს ტექნიკა მათ გამზადებული არ ჰქონდათ,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებამდე რუსული არმიის შეუმჩნეველი შემოსვლა საქართველოში ”საერთაშორისო დაზვერვის სერიოზული ჩავარდნა იყო”.

”სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დასავლეთის პარტნიორებს ვეუბნებით, რომ უნდა დაენახათ, რომ მსგავსი რამ მზადდებოდა, ისინი გვპასუხობენ, რომ მათი ყურადღება სხვაგან იყო გადატანილი და სატელიტები, ძირითადად, ერაყისკენ იყო მიმართული. ერთი სიტყვით, რეალურად, ეს საერთაშორისო დაზვერვის სერიოზული ჩავარდნა იყო. ეს მათ რომ სცოდნოდათ, არც ჩვენ არ დაგვიმალავდნენ, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იცოდნენ,”- განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა არტილერიამ საბრძოლო მოქმედებების საწყის ეტაპზე გაანადგურა რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ჯავაში.

”ჩვენმა მეოთხე ბრიგადამ და კოჯრის ბრიგადამ, დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა - რამდენიმე ასეული შემოჭრილი ჯარისკაცი გაანადგურეს, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის თქმა არ მახარებს... არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მანამდე სამხრეთ ოსეთში მსახურობდა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის წევრი, დაიჭრა და თავის მძღოლთან ერთად გაიქცა, მიატოვა ტექნიკა და ცოცხალი ჩავიდა ვლადიკავკაზში. ამასობაში, იქ ჩადის პუტინი, კრებს ახალ ძალას და, პრაქტიკულად, მთელ ძალას, რაც ჰყავდათ, საქართველოსკენ ძრავს... 200 საბრძოლო გაფრენა გაკეთდა - ფაქტობრივად, მთელი მათი საჰაერო ძალები დაფრინავდა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”ისინი ჩვენ შევაჩერეთ პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს და როცა წინ წამოიწევა ვეღარ შეძლეს, ლარსს კიდევ 500 რუსული ჯავშანტექნიკა მოადგა,”- აღნიშნა მან.

შემდეგ მან გაამართლა ცხინვალის რეგიონიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანა, რადგან შეუძლებელი იყო დამატებითი 500 ერთეული სამხედრო ტექნიკის შეჩერება და ქართველი ჯარისკაცები განადგურების საფრთხის ქვეშ იყვნენ.

”ეს გადაწყვეტილება [უკან დახევის] უკვე იყო მისაღები. ეს ის პერიოდი იყო, როცა მსოფლიო გამოფხიზლდა,”- განაცხადა სააკაშვილმა,  ”პრეზიდენტ ბუშის განცხადებებიდან ერთ საათში თბილისისკენ მომავალი ტანკები გაჩერდნენ”.

მისი შეფასებით, ქართველმა ჯარისკაცებმა ”მაგრად იომეს”, თუმცა მან ასევე აღიარა, რომ ”შეიძლება დაგეგმარებაში შეცდომებიც იყო”.

თავისი გამოსვლის დასასრულს სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკის მოშლა, ქაოსის გამოწვევა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბოლოს მოღება.

”ჩვენი მიზანია გადავლახოთ [ეკონომიკური] კრიზისი; ამას სამი ან ოთხი თვე დასჭირდება; ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ ამ მძიმე კრიზისს სამ ან ოთხ თვეში და მომავალი წლიდან ან ერთ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაიწყებს სწრაფ ზრდას,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”მთავარი რამ, რაც ჩვენ მივიღეთ ყველაფერი იმისაგან, რაც მოხდა, არის ის, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან გაძლიერდა. თუ აქამდე უცხოელები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თვითონ მოგვეგვარებინა [კონფლიქტები], ჩვენ არ გვაქვს დრო თქვენთვის; ახლა ეს უკვე მსოფლიოს პრობლემა გახდა,”- დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024