ქართველი პოლიტიკოსები სეპარატისტულ რეგიონების აღიარებაზე რუსი დეპუტატების გადაწყვეტილებას აფასებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Aug.'08 / 19:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დააკნინა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

”ამ ნაბიჯით რუსეთი უფრო მეტ იზოლაციაში მოიქცევს თავს და დარჩება მარტო,”- განაცხადა მან, ”ამას არ მოჰყვება საერთაშორისო აღიარება, განსაკუთრებით ოდიოზურ სახელმწიფოს თუ არ ჩავთვლით, ამიტომ ამ თემაზე რაღაც განსაკუთრებული კომენტარი არ ღირს”.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა რუსი დეპუტატების გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ”ეთნიკური წმენდის” დაკანონება.

”რაღა თქმა უნდა ამას ჩვენ ვერ დაუშვებთ,”- განაცხადა მან, ”ყველა ზომას მივმართავთ, ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. პირველ რიგში,  საერთაშორისო დონეზე”.

”ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს და არაფრად არ მიიჩნევს ცივილიზებული სამყარო, რაც არაერთხელ დაადასტურა”, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, ”კუბასთან და ბელორუსიასთან ურთიერთობაში თუ გამოიყენებენ ამ თავის გადაწყვეტილებას, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ამიტომ ეს თემა ამითივე ამოიწურება”. 

”შეიძლება მან [რუსეთმა] და მისმა მონებმა იქ ცხინვალში და სოხუმში იზეიმონ და რაღაც დღესასწაულები მოაწყონ, მაგრამ ჩვენ უნდა დავკავდეთ საქმით,”- დაძინა თარგამაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სათათბიროს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღებს რეალურ იურიდიულ ძალას, რაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გაიზიარებს მათ რეკომენდაციებს. 

”თუ [დიმიტრი] მედვედევმა ხელი მოაწერა და შეიძლება პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ  - ნეტა მოაწეროს, იგი [საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა] სარკოზის უკვე მეორე სილას აწნავს სახეში. ატყუებს უფრო ღიად, ცალსახად ვიდრე ეს ბუფერულ ზონების ირგვლივ არსებული სიტუაციაა,” - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

Deutsche Presse-Agentur (DPA) 25 აგვისტოს იტყობინება გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე თომას შტეგზე დაყრდნობით, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. მისი თქმით, გერმანია არ ელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებებს გაიზიარებს.

ამ თემაზე საქართველოს მთავრობის წევრებმა კომენტარები გორში გააკეთეს, სადაც მთავრობის სხდომას პრეზიდენტი სააკაშვილი უძღვებოდა. სააკაშვილმა განუცხადა მინისტრებს, რომ დაიწყება 18-თვიანი ”ძალიან რთული” რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდას და დანგრეული და დაზიანებული სახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის áƒ›áƒ¨áƒ”ნებლობას.

”უახლოესი სამი თვე არის კრიტიკული,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”შემდგომი 15 თვე უკვე არის აღორძინების და ახალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლის პერიოდი”.

 

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024