ბუში მოუწოდებს მოსკოვს არ აღიაროს სეპარატისტების დამოუკიდებლობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'08 / 10:51

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას არ აღიაროს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როგორც ეს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატებმა მოითხოვეს 25 აგვისტოს.

”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი საზღვრები ისევე უნდა იყოს პატივცემული, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნისა, რუსეთის ჩათვლით,”- განაცხადა ჯორჯ ბუშმა 25 აგვისტოს.

მან ასევე შეახსენა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით მომზადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომლის მე-6 პუნქტიც ამბობს: ”დაიწყოს საერთაშორისო დისკუსიები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ”.  

”ეს წარმოადგენს საერთაშორისო მიდგომას ამ საკითხისადმი, რასაც [სეპარატისტების დამოუკიდებლობის] აღიარება ხელს შეუშლის,”- ნათქვამია ბუშის განცხადებაში, ”აღიარება შეუსაბამობაში მოვა ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებულ რეზოლუციებთან, რომელსაც რუსეთი თანმიმდევრულად აძლევდა ხმას წარსულში”.

აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

Civil.Ge © 2001-2024