საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების გადაწყვეტილება შეცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Sep.'08 / 16:03

საქართველომ ისევე გაამარტივა რამდენიმე დღის წინ გამკაცრებული სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისმა სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე გადაწყვეტილება 26 აგვისტოს მიიღო, თუმცა ეს წესები 8 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. 

ვაშაძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამკაცრება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის არსებობით იყო განპირობებული, თუმცა ახლა, როცა ეს მდგომარეობა 4 სექტემბრიდან გაუქმებულია რუსეთის მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ გამარტივებული წესით აიღონ ვიზები საქართველოში ჩამოსვლისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში 30 აშშ დოლარის საფასურად.

”საქართველოს ხელისუფლებამ ამით დაანახა რუსეთის ფედერაციას რითი განსხვავდება თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო, არათავისუფალი და არადემოკარტიულისგან,” - განაცხადა ვაშაძემ.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა თბილისში 3 სექტემბერს რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს დახურვას მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად აცნობა მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. იმავდროულად, რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან და ვიზების ვადა ეწურებათ, უნდა დატოვონ ქვეყანა.

Civil.Ge © 2001-2024