საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმის მოსმენა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Sep.'08 / 12:43

ჰააგაში არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ დღეს დაიწყო საქმის მოსმენა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ 12 აგვისტოს წარადგინა.

საქართველოს მტკიცებით, რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის დროს 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.

საგანგებო მოსმენების დროს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მოთხოვნაზე მიიღოს შუალედური ზომები რუსეთის წინააღმდეგ,რათა უსწრაფესად მოხდეს ეთნიკური წმენდის შეჩერება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 სექტემბერს მოსმენა გაიხსნა ქართული მხარის მიერ არგუმენტების წარმოდგენით, რომელიც სამ საათს გასტანს. შემდეგ უკვე რუსეთი წარმოადგენს საკუთარ კონტრ–არგუმენტებს ასევე სამი საათის განმავლობაში. არგუმენტების და კონტრ–არგუმენტების გაცვლა მხარეებს შორის 9 და 10 სექტემბერსაც გაგრძელდება.

Civil.Ge © 2001-2024