სააკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Sep.'08 / 12:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს ”მყარი” მტკიცებულება გააჩნია იმისა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. მან ასევე უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსულ მახეში გაება. 

9 სექტემბერს შუაღამისას თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერცნიაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ”ძალიან მყარი მტკიცებულება” გადასცა პრეზიდენტ სარკოზის, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას.

”მე ვიცი, რომ ხალხი სვამს კითხვებს: ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები?” - განაცხადა მან. ”ახლა ყველამ იცის, რომ [ბრალდებები] გენოციდის შესახებ ყალბია; გენოციდი არ ყოფილა [იგი რუსეთის განცხადებებს გულისხმობდა იმის თაობაზე, რომ საქართველომ გენოციდი განახორციელა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ]”.

”მე გადავეცი პრეზიდენტ სარკოზის, პრეზიდენტ ბაროზოს და ხავიერ სოლანას, როგორც მიმაჩნია, ძალიან ძლიერი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ქართველებმა უპასუხეს ფართომასშტაბიან რუსულ შემოჭრას, რამაც საომარი მოქმედებები გამოიწვია,” - დასძინა მან, თუმცა ამ მტკიცებულების დეტალებზე არ უსაუბრია.

”ჩვენ შეგვიძლია ამის დამტკიცება; ეს ძალიან მყარი მტკიცებულებაა და თქვენ ამას თავად შეაფასებთ,” - განაგრძო მან. ”ამიერიდან, არა მგონია, რომ კიდევ იქნება სპეკულაციები იმის თაობაზე დაიწყო თუ არა საქართველომ ომი ან გაება თუ არა ის [რუსეთის] ხაფანგში; ჩვენ ხაფანგში არ გავბმულვართ; ჩვენ ეს არ დაგვიწყია. მათ [რუსეთმა] დაიწყეს ეს; ისინი შემოიჭრნენ ისევე, როგორც ეს მე-19 და მე-20 საუკუნეში მოხდა; და სამწუხაროდ, ეს ისევ მოხდა 21-ე საუკუნეში”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ეს ომი.

”ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ საერთაშორისო კომისიას, რომელიც ამას გამოიძიებს,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ სერიოზულ საერთაშორისო გამოძიებას... მე გავიგე [გერმანიის] საგარეო საქმეთა მინისტრი [ფრანკ-ვალტერ] შტაინმაიერი საუბრობდა ამის შესახებ; მე პირველი ვიყავი, ვინც ამის შესახებ განვაცხადე; ჩვენ მაქსიმალური გამჭირვალობა გვჭირდება; ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას”.

Civil.Ge © 2001-2025