ნოღაიდელი ხელისუფლებას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Sep.'08 / 16:11

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აკრიტიკებს რა ხელისუფლებას იმის გამო, რომ აგვისტოს მოვლენები თავიდან ვერ აიცილა, აცხადებს, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.

”ჩემი შეფასებები აგვისტოს მოვლენებზე იქნება ძალიან მძიმე,” - განაცხადა მან გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა, ”ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ამ პროვოკაციის თავიდან აცილება და უნდა აეცილებინა კიდეც. ჩემთვის შემაშფოთებელია შეფასებები, თითქოს კარგია, რომ ყველაფერი ასე მოხდა!”

ნოღაიდელის განცხადებით,  ომის გამო მძიმე ეკონომიკურ შედეგები დადგება საქართველოში ”უახლოეს პერიოდში, თუ სწრაფად არ იქნება ზომები მიღებული”.

”პირდაპირ მინდა ვთქვა, ასეთი უდიდესი განსაცდელის ჟამს, რომელიც დღეს საქართველოს უდგას, არაკომპეტენტური და სამარცხვინო მთავრობა გვყავს ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით,” - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ”კეთდება უამრავი ანალიზი იმისა, თუ როგორ დაზარალდა რუსეთის ეკონომიკა ამ ომის შედეგად, მაგრამ არაფერს ვამბობთ, რა მოუვიდა ამ დროს საქართველოს ეკონომიკა”.

მისი თქმით,  გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ათეულობით ათასი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე.

”პირდაპირ გეტყვით,  უძრავი ქონების სექტორში დასაქმებული 65-70 ათასი კაცი დაკარგავს სამუშაოს, მაგრამ ამაზე საერთოდ არავინ მსჯელობს და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც არავის აქვს,” -  აცხადებს ნოღაიდელი.

მისი პროგნოზით ეს კრიზისი სხვა სფეროებზეც, მათ შორის საბანკო სისტემაზე გადავა, ამიტომ ”იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, დამღუპველია”.

ინტერვიუში ნოღაიდელი განსაკუთრებით აკრიტიკებს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს, რომლის შეცვლაზეც ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობდნენ.

”ჩემი სურვილი ის კი არ არის, რომ ვინმე შეიცვალოს, არამედ არსებული პრობლემა მოგვარდეს,”- აცხადებს ნოღაიდელი, ”უხერხულობას ვგრძნობ, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღევანდელს კრიტიკულად მოვიხსენებ, მაგრამ ლადო გურგენიძეს ერთი დღითაც არ დაუნებებია თავი საკუთარი ბიზნესისთვის და საქართველოს ეკონომიკის მართვისთვის ვერ მოიცალა”.

იგი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კაპიტალის შემოდინება, რასაც მისი პრემიერ-მინისტრობის დროსაც ჰქონდა ადგილი, დღესაც გრძელდება.

”ეს არის ფაქტი,”- აცხადებს ნოღაიდელი, ”რამდენად არის ეს საფრთხის შემცველი, ახლა მართლაც შესაძლოა იყოს მსჯელობის საგანი. თავის დროზე იგი საფრთხის შემცველი არ იყო, რადგან რუსეთთან ომზე არავინ ფიქრობდა”.

ნოღაიდელი ნოემბრის მოვლენების შემდეგ მალევე წავიდა პრემიერ-მინიტრის თანამდებობიდან, რომელიც ორ წელიწადზე მეტ ხანს ეკავა. მან ბიზნესში გადაინაცვლა და ფეხბურთელი კახა კალაძის ახალ კომპანიას ”კალა კაპიტალს” ჩაუდგა მარტიდან სათავეში.

თუმცა ინტერვიუში ნოღაიდელი აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, 3-4 თვეში ისევ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. კითხვაზე ხომ არ გახდება ის ოპოზიციონერი, ამბობს: ”ჯერჯერობით  ერთი სიტყვით ვუპასუხებ - ”ვნახოთ”.

Civil.Ge © 2001-2024