ბაქრაძისთვის მისაღებია დროებითი კომისიის შექმნა აგვისტოს მოვლენებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Sep.'08 / 19:34

აგვისტოს საომარი მოქმედებების შესასწავლად ყველაზე მისაღებია დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის ”რუსეთის აგრესიას, კონფლიქტს და დღემდე მიმდინარე პროცესებს,” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მან გამორიცხა ამ საკითხების ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში შესწავლა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიასთან შედარებით, უპირატესობას დროებითი კომისიის ფორმატს ანიჭებს, რადგან ”განსხვავებით საგამოძიებო კომისიის მუშაობისაგან, რომლის მუშაობის დიდი ნაწილი არის დახურული, დროებითი კომისია მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალე რეჟიმში”.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი საფუძველია ინფორმაცია: ”სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს”.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, დროებითი კომისია იქმნება ”ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით” - ასეთი კომისია უკვე მოქმედებს პარლამენტში - ან ”საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე შეეხება საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემებს”.

”ამ კომისიის ამოცანას არანაირად არ áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒáƒ“გენს გამოძიება,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ამ კომისიის ამოცანას უნდა შეადგენდეს მოვლენების მთლიანად შესწავლა, მათ შორის იგულისხმება მოწვევა პარლამენტში ყველა იმ მინისტრის თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ვინც მონაწილეობდა და ვისაც უწყებრივად ეხებოდა აგვისტოს მოვლენები”.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან  კონსულტაციების საფუძველზე კვირის ბოლოს გაირკვევა საბოლოოდ თუ რა ფორმას მიიღებს კომისია.

თავდაპირველად, ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარლამენტში ”მომხსენებელთა ჯგუფის” ფარგლებში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი. მოგვიანებით, საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიცია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით გამოდის.

Civil.Ge © 2001-2024