კიწმარიშვილი ხელისუფლებას ემიჯნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Sep.'08 / 12:58

ეროსი კიწმარიშვილი, საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში და ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლის რანგში ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედი, ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ემიჯნება სააკაშვილის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ვერ იქნა ომი თავიდან აცილებული. 

”ომის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობდა ირაკლი ალასანიას სამშვიდობო გეგმა და მასზე შეთანხმება ბაღაფშთან, რომელსაც მხარს უჭერდა მთელი დასავლეთი. ამის განხორციელების შემთხვევაშიც შეგვეძლო თავიდან აგვეშორებინა სისხლიანი სცენარით მოვლენების განვითარება,”- აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.

”მე, როგორც საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში, ამას ხაზგასმით ვაცხადებ, - საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მაღალი რანგის დიპლომატების პოზიცია არ გაითვალისწინა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. ჩვენს ხელისუფლებას უბრალოდ მათთვის რომ მოესმინა, თავიდან ავიშორებდით ომსაც და იმ უარყოფით შედეგებსაც, რომელიც ამ ომმა მოგვიტანა,”- აღნიშნავს კიწმარიშვილი, ”აქედან გამომდინარე, მე, ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ვიდექი ამ ხელისუფლების გვერდით, მიუხედავად არაერთი უთანხმოებისა და ჩემი განსხვავებული პოზიციისა, იმის გამო, რომ ვერ მოხდა ამ ომის თავიდან აცილება, ვაცხადებ, - ჩემი ადგილი აღარ არის სააკაშვილის ხელისუფლების გვერდით... ამიტომ მე სრულად ვემიჯნები მას”.

კიწმარიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ამ ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა, ”იმიტომ, რომ დღეს გვყავს დისკრედიტებული ხელისუფლება. ამის შესახებ უკვე იწერება გავლენიან დასავლურ პრესაში”.

”ჩემი მომავალია საზოგადოებრივი აქტივობა,”- აცხადებს კიწმარიშვილი, ”ძალიან ბევრი საინტერესო პერსონაა ხელისუფლების გარეთაც და შიგნითაც. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ალტერნატივა უნდა შევუქმნათ ამ ხელისუფლებას... მე ვიქნები ამის ერთ-ერთი განმახორციელებელი, ამას ხელს შეუწყობს არსებული რეალობაც, ასევე პოლიტიკურ სპექტრი (რომელიც დღეს ყალიბდება და რომლის ნაწილიც უკვე ჩამოყალიბდა) და მედია”.

”ჩემი მიზანია მოვეხმარო ქვეყანას და არა ხელისუფლებას,”- დასძენს კიწმარიშვილი.

მისი თქმით, ახლა ამოცანაა, რომ საქართველო მივიდეს ”მინიმუმ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლის” დემოკრატიასთან.

”მედიის ამ მასშტაბით დამოკიდებულება სახელმწიფოზე, ჩინოვნიკებსა თუ მმართველ ძალაზე აბსოლუტურად მიუღებელია და ცხადია, უნდა შეიცვალოს,”- აღნიშნავს მედიის ყოფილი მფლობელი.

მისი თქმით, იგი ეწინააღმდეგებოდა კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების მცდელობებს და იგივეს ურჩევდნენ დასავლეთის გავლენიანი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა მისი თქმით, ერთ-ერთი დიპლომატი აცხადებდა, რომ, ”ყოველი ასეთი საუბარი სააკაშვილთან მუშაობდა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ისევ ხდებოდა საომარი რიტორიკის განახლება”.

რუსეთში ყოფილი ელჩი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენა მედვედევის გარემოცვასთან  კარგი ურთიერთობის აწყობის შანსი.

მისი თქმით: ”ის, რაც გავაკეთეთ უკვე შემდეგ, როცა ყველაფერი მოხდა და ხელი მოვაწერეთ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, ეს ამ ომამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გაგვეკეთებინა”

”ჩვენ შეგვეძლო ამ პროვოკაციის თავიდან არიდება, ოღონდ სერიოზულად უნდა გვემუშავა რუსეთთან,”- აცხადებს კიწმარიშვილი, ”იმ ეტაპზე ვთვლიდი, რომ გვქონდა შანსი, თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან და არსებობდა პერსპექტივა აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების გადაწყვეტისა”.

კიწმარიშვილი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მისი ”რუსთავი 2”-დან და საქართველოდან წასვლის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ”მტრული” ურთიერთობა იყო, იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილი, საქართველო ომს თავიდან აიცილებდა.

”სავსებით დარწმუნებული ვარ, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, სისხლიანი სცენარით მოვლენების განვითარებას თავიდან ავიცილებდით. იმ შემთხვევაში კი, ნინო ბურჯანაძე თუ იქნებოდა ისევ პარლამენტის თავმჯდომარე, ომის თავიდან აცილების მცირე შანსი მაინც არსებობდა,”- აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

”ჟვანიას სიკვდილი არ იყო უბრალოდ სიკვდილი, ეს იყო მკვლელობა... ვინ მოიგო იმით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს მკვდარია. ვინ მოიგო იმით, რომ ბურჯანაძეს, ალასანიას, ქართულ დიპლომატიას არ უსმენდნენ?”- კითხულობს კიწმარიშვილი, თუმცა თავად არ პასუხობს. 

იგი ასევე აღიარებს, რომ ბევრ რამეს ნანობს და იხსენებს ”ვარდების რევოლუციის” დროინდელ შეთანხმებას ლიდერებს შორის.

”მიხეილ სააკაშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, ნინო ბურჯანაძე - პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია - პრემიერ-მინისტრი. ჩემი ფუნქცია, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილისა, იყო მათ შორის არსებულ შეთანხმებათა დაცვა. არ უნდა გარღვეულიყო ის ბალანსი, რამაც მოიტანა წარმატება ”ვარდების რევოლუციის” კონკრეტულ ისტორიაში,”- აცხადებს კიწმარიშვილი, ”თუმცა იმ ძალაუფლებისა თუ პასუხისმგებლობის წილი, რომელიც გაგვაჩნდა მე, ჟვანიასა და ბურჯანაძეს, წაიღო მთლიანად მიხეილ სააკაშვილმა”.

”საბოლოოდ სწორედ ამ შეთანხმების დარღვევის გამო ჩავარდა ქართული დემოკრატია მძიმე დღეში, ვერ ავიცილეთ თავიდან ომი და სისხლის ღვრა და აღმოვჩნდით ამ უბედურებაში,”- აღნიშნავს ის ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გიგა ბოკერიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვარაუდი გამოთქვა, რომ კიწმარიშვილის კრიტიკა მისი თანამდებობის დაკარგვას უკავშირდება.

”ბატონ ეროსი კიწმარიშვილს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ უცნაურია, რომ ასეთი კრიტიკული პოზიციები ემთხვევა ხოლმე ბიუროკრატიული პოზიციების დაკარგვას,”- განუცხადა ბოკერიამ ”კვირის პალიტრას”. მან არ ისურვა კიწმარიშვილის ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი.

კიწმარიშვილი ამ თანამდებობიდან სექტემბრის შუა რიცხვებში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის კონსულტაციებისათვის მოსკოვიდან თბილისში ივლისში გამოიწვიეს. 

თუმცა ინტერვიუში ყოფილი ელჩი ასევე აცხადებს, რომ მას ახალი თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა ამ წინადადების მიღებაზე.

Civil.Ge © 2001-2024