”მაესტროს” სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Sep.'08 / 19:14

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია ”მაესტროს” სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ”მაესტროს” კვლავ არ ექნება უფლება გაუშვას პოლიტიკური გადაცემები.

ამ უფლებაზე ”მაესტროს” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 აპრილს უთხრა უარი, როცა არ მისცა საერთო სამაუწყებლო ლიცენზია. ამჟამად, ”მაესტროს” მხოლოდ შემეცნებით-გასართობი პროგრამების წარმოების უფლება აქვს.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, რაც მისი თქმით, ”თვალსაჩინო გამოხატულება იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულ ე.წ. ”დემოკრატიის ახალი ტალღა“ სინამდვილეში დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებას წარმოადგენს”.

”თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის ფაქტს,”- ნათქვამია სოზარ სუბარის 30 სექტემბრის განცხადებაში, ”ხელისუფლება არ ამჟღავნებს შემწყნარებლურ დამოკიდებულებას მის მიერ არაკონტროლირებადი მედია საშუალებების მიმართ”.

Civil.Ge © 2001-2024