ჰააგის საერთაშორისო სასამართლო საქართველოს სარჩელზე გადაწყვეტილებას მიიღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'08 / 11:50

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 15 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს თხოვნასთან დაკავშირებით დროებითი ზომები დააკისროს რუსეთს, განაცხადა სასამართლომ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის წინააღმდეგ 12 აგვისტოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების საშუალებით დაარღვია კონვენცია, რომელიც რასიზმის აღმოფხვრას ეხება.

საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.

საქართველო ითხოვს, რომ სასამართლომ დროებითი ზომები დააკისროს რუსეთს, რაც დაეხმარება რუსების მიერ აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შეჩერებას.

კერძოდ, საქართველო ითხოვს, რომ რუსეთმა მიიღოს ზომები, რაც უზრუნველყოფს, რომ არც ერთი ეთნიკური ქართველი ან სხვები არ გახდებიან რასობრივი დისკრიმინაციის ძალადობრივი ან იძულებითი ქმედებების მსხვერპლი; თავი შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის ეთნიკური ქართველების უფლებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზოგადოებრივ საქმეებში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა მიიღონ; თავის შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან ან ისეთი ზომების მხარდაჭერისგან, რაც ჩამოართმევს სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან და მათი მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოძევებულ ეთნიკურ ქართველებს და სხვებს თავიანთ უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.     

ამის საპასუხოდ რუსეთმა განაცხადა 8-10 სექტემბერს სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, რომ ეს საქმე ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას აღემატება.

რუსეთის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა მოსმენაზე, რომ რუსეთი ვერ შეძლებს საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

”შეუძლებელია დროებითი ზომების დაკისრება, როგორც ეს განმცხადებელმა [საქართველომ] ჩამოაყალიბა თავის სარჩელში, რადგანაც ისინი ისეთ ვალდებულებებს დააკისრებს რუსეთს, რომელთა შესრულებაც მას არ შეუძლია,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან კოლოდკინმა.

”რუსეთის ფედერაცია ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ან საქართველოს რომელიმე მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ორგანოების ან კერძო ჯგუფების და ინდივიდუალური პირების ქმედებები კავშირში არ არის რუსეთის ფედერაციასთან,” - დასძინა მან.
 

Civil.Ge © 2001-2024