მთავრობაში ახალი სამინისტრო შეიქმნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'08 / 18:07

საქართველოს მთავრობაში ახალი  - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეიქმნება იმ რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებას უკავშირდება.

მინისტრთა კაბინეტში ამჟამად 13 მინისტრი და 4 სახელმწიფო მინისტრი შედის. ახალი სამინისტრო 2009 წლის 1 იანვრამდე არ შეიქმნება.

ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როცა მეორე მოსმენით წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილება იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების თაობაზე.

ხუროშვილის განცხადებით, ამ გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი იქნება იუსტიციის მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს მთავრობის სხვა არაძალოვანი მინისტრების დანიშვნის პროცედურის შესაბამისად.  პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იუსტიციის მინისტრის გათავისუფლების ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტს ჰქონდა.

გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად იუსტიციის სამინისტროში შემავალი ექსპერტიზის ბიურო ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად, რომლის ხელმძღვანელსაც  საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

ასევე ორი თვის ვადაში კანონმდებლობით განისაზღვრება სახაზინო ადვოკატის სამსახურის ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელიც დღესდღეობით ასევე იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილია.

Civil.Ge © 2001-2024