2008 წლის საბიუჯეტო ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'08 / 17:12

2008 წლის ბიუჯეტი 325.5 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 7.2 მლრდ ლარს მიაღწია, ნათქვამია საბიუჯეტო ცვლილებების კანონში, რომელიც პარლამენტმა 10 ოქტომბერს 114 ხმით დაამტკიცა.

თავდაპირველად წარმოდგენილ ცვლილებებში áƒ‘იუჯეტის ხარჯების 255 მლნ ლარით ზრდა იყო დაგეგმილი, შემდეგ 323 მლნ ლარით, თუმცა საბოლოოდ, ბიუჯეტი 325.5 მლნ ლარით გაიზარდა.

საბიუჯეტო ცვლილებების ძირითადი მიზანია რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

საბიუჯეტო თანხები შემდეგი პრიორიტეტულობით გადანაწილდება:

• 150 მლნ ლარი   - თავდაცვის სამინისტროს  საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის და ხელფასების გასაზრდელად. შედეგად, თავდაცვის დაფინანსება მთლიანობაში 1.545 მლრდ ლარს მიაღწევს;
• 100 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს  - ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებისათვის. შედეგად, შსს-ს დაფინანსება წელს 740 მლნ ლარი გახდება;
• 170 მლნ ლარი - რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის. ეს თანხა განაწილდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
• 48 მლნ ლარი - პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს გამოეყოფა, საიდანა მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ხარჯები დაიფარება
• 28.5 მლნ ლარი - რთველის ღონისძიებების დაფინანსება. აქედან 9 მლნ ლარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიიღებს, ხოლო 9.5 მლნ ლარი პროგრამა ”იაფი კრედიტის” ფარგლებში გამოიყოფა;
• 14 მლნ ლარი -  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონფლიქტის ზონებიდან დევნილი მასწავლებლების ხელფასების დაფინანსებისთვის, განათლების იმ დაწესებულებების რემონტისა და კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის, სადაც დროებით განთავსებული არიან დევნილები, დევნილი სტუდენტების გრანტის დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის;
• 22 მლნ ლარი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც უმეტესი თანხები დაიხარჯება საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული მოქალაქეების მკურნალობაზე;
• 36.8 მლნ ლარი - დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების დაფინანსებისათვის 35 მლნ ლარი; ხოლო 1.8 მლნ ლარი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარებები.
• 25 მლნ ლარი  - ენერგეტიკის სამინისტროს სარეზერვო საწვავის შესაძენად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით;
• 11 მლნ ლარი - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საიდანაც 9 მლნ ლარი მოხმარდება დევნილთა პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას და 2 მლნ ლარი დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილების რეაბილიტაციას; 
• 591 ათასი ლარი - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ემატება პარტიების დაფინანსებისთვის; ეს შეეხება იმ პარტიებს, რომლების პარლამენტში არ შევიდნენ და ამ მიზეზით შეწყვეტილი დაფინანსების აღდგენაზე ხელისუფლებამ პირობა დადო.

იმავდროულად, დაფინანსება უმცირდებათ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 350 ათასი ლარით; ფინანსთა სამინისტროს - 4 მლნ ლარით; ეკონომიკური განვითარების სამინიტროს - 2 მლნ ლარით; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - 1 მლნ  ლარით; იუსტიციის სამინისტრო- 1.7 მლნ ლარით; პარლამენტს - 2 მლნ ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.3 მლნ ლარით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას - 950 ათასი ლარით; პრეზიდენტის ადმინისტრაციას  - 700 ათასი ლარით; მთავრობის კანცელარიას - 394 ათასი ლარით; წყლის კომპანიების სუბსიდირება  - 500 ათასი ლარით; არსებული დავალიანებების დაფარვის ღონისძიებები - 10 მლნ ლარით.

ასევე, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სტაბილური განვითარების ფონდში გადასარიცხი თანხების მოცულობა მცირდება 191.9 მლნ ლარით.

აღნიშნული ცვლილებები წელს ბიუჯეტში შეტანილი უკვე მესამე შესწორებაა.

იმავდროულად, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ნოემბრიდან დაიწყება.

მისი თქმით, განხილვის გადადება განაპირობა ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილმა დონორთა კონფერენციამ, სადაც საბოლოოდ უნდა დადგინდეს საქართველოსთვის პოსტ-კონფლიქტური დახმარებების ოდენობა.

”ასევე მთავრობამ ითხოვა დრო, რათა დააკვირდეს ეკონომიკის განვითარების დინამიკას ომის შემდგომ პერიოდში და ზუსტად გათვალოს შემოსავლების ის რეალური ოდენობა, რომელიც მოსალოდნელია მომავალ წელს,”- აღნიშნა ასევე დავით ბაქრაძემ. 

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში უნდა აისახოს ასევე სოციალური დაცვის გარანტიები და ”ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები”.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მინიმალური პენსია 70 ლარზე შენარჩუნდება. ხელისუფლებამ პენსია ამ ნიშნულამდე აპრილში გაზარდა და დაპირდა, რომ 2009 წლიდან  საპენსიო განაკვეთს 100 აშშ დოლარამდე გაზრდიდა.

ასევე საბიუჯეტო პროექტის თანახმად, მომავალ წელს კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები დევნილი 22 ლარს, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრები - 28 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. გარდა ამისა თითოეულ დევნილზე კომუნალური ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 5 ლარის შემწეობაა გათვალისწინებული.

Civil.Ge © 2001-2024