”მაესტროს” შესაძლოა პოლიტიკური გადაცემის გაშვების უფლება მიეცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'08 / 17:19

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე განაცხადა, რომ გამოიძებნა ”კომპრომისული” ვარიანტი, რომელიც საშუალებას მისცემს საკაბელო ტელევიზია ”მაესტროს” ეთერში გაუშვას პოლიტიკური პროგრამები.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატებთან და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი არველაძესთან 10 ოქტომბერს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

”ერთი მხრივ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის და პროცედურის ფარგლებში, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, მაგრამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, ვინაიდან ის უკავშირდება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას,”- განუცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

ბაქრაძის თქმით, საუბარია არა ახალი ლიცენზიის გაცემაზე, არამედ ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, რომელიც "მაესტროს" საშუალებას მისცემს ეთერში áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ კომპონენტი განათავსოს.

კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მარეგულირებელი კომისია ლიცენზიის მოდიფიცირებაზე იმსჯელებს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მაესტროს” არსებული ლიცენზიის პირობების დარღვევის áƒ›áƒáƒ¢áƒ˜áƒ•áƒ˜áƒ— 4 აპრილს უარი უთხრა საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე, რაც შემეცნებით-გასართობ პროგრამებთან ერთად პოლიტიკური პროგრამების გაშვების უფლებასაც მისცემდა საკაბელო არხს. ეს გადაწყვეტილება ”მაესტრომ” სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 30 სექტემბერს სასამართლომ ძალაში დატოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება.

6 ოქტომბერს მედიის თავისუფლების შესახებ მოთხოვნებს შორის ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ”მაესტროსთვის” პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლების მიცემა. მოგვიანებით, საპარლამენტო ოპოზიციიდან დეპუტატმა გია თორთლაძემ ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში ასევე მოითხოვა ”მაესტროზე” პოლიტიკური დებატების გაშვება.

ეს მოთხოვნა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ასევე გაახმოვანა უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელი კონსულტაციები სწორედ ამ განცხადებაზე რეაგირების შედეგად შედგა.

Civil.Ge © 2001-2024