პარლამენტმა იუსტიციის საბჭოსა და ნდობის ჯგუფში დეპუტატები აირჩია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'08 / 18:03

საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოში საპარლამენტო კვოტა და ასევე ნდობის ჯგუფი დააკომპლექტა. ორივე ამ სტრუქტურაში ოპოზიციონერი დეპუტატებიც აირჩიეს.

იუსტიციის საბჭოს წევრები გახდნენ მმართველი პარტიიდან ორი დეპუტატი - მურთაზ ზოდელავა და აკაკი მინაშვილი; ხოლო ოპოზიციისთვის კუთვნილი ერთი კვოტა ამ საბჭოში დაიკავა ნიკა ლალიაშვილმა, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატებიდან.

იუსტიციის საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატის áƒ”რთი ადგილი ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა.

ნდობის ჯგუფში მმართველი პარტიიდან ადგილები დაიკავეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ და მისმა მოადგილემ ნიკა რურუამ; ასევე მაჟორიტარმა დეპუტატმა - ზაზა გელაშვილმა და ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და ფრაქცია ”ძლიერი საქართველო – ქრისტიან–დემოკრატების” თავმჯდომარემ გია თორთლაძემ.

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში ივნისში მიღებული ცვლილებების შედეგად, ერთი ნაცვლად, ოპოზიციისთვის ორი დეპუტატის კვოტა განისაზღვრა 5-წევრიან ჯგუფში. 

ნდობის ჯგუფი ერთადერთი საპარლამენტო სტრუქტურაა, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე და ძალოვანი უწყებების ბიუჯეტის საიდუმლო მუხლების ხარჯვის კონტროლის უფლება აქვს.

პარლამენტის მიერ დღეს მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ნაწილია.

Civil.Ge © 2001-2024