სტუდია ”მაესტრო” პოლიტიკურ გადაცემებს ნოემბერში განაახლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'08 / 16:01

სტუდია ”მაესტრო” პოლიტიკური გადაცემების გაშვებას 17 ნოემბრიდან შეძლებს, განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა 13 ოქტომბერს.

მან ეს განცხადება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან გიორგი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ანტიკრიზისული საბჭოს შუამავლობით გაიმართა.

სტუდია ”მაესტროს”, რომელიც თბილისში, რუსთავში, თელავსა და გორში მაუწყებლობს, მხოლოდ გასართობი და მუსიკალური პროგრამების გაშვების ლიცენზია აქვს.

წლის დასაწყისში ”მაესტრომ” პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი ახალი პროექტი წამოიწყო: ”პროფესია ჟურნალისტი”- თოქ-შოუ, რომელიც მოწვეულ სტუმრებს და ხშირად პოლიტიკოსებს მასპინძლობდა; ”უკომენტაროდ”, რომელიც გადასცემდა საინფორმაციო სიუჟეტებს, ძირითადად, პირდაპირ ჩართვებს კომენტარის გარეშე; და ”გამოკითხვა”, სადაც ძირითადად მაყურებლები რეკავდნენ სტუდიაში და თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ. 

2008 წლის მარტში ტელეკომპანიამ მიიღო საყვედურის წერილი კომუნიკაციების კომისიიდან, რომელშიც ეს უკანასკნელი აფრთხილებდა, რომ სტუდიას არ აქვს პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება. ამან აიძულა ”მაესტრო” შეეწყვიტა სამივე პროგრამა. შემდეგ ტელეკომპანიამ ლიცენზიისთვის კომისიას მიმართა. თუმცა კომისიამ უარი უთხრა, რადგანაც მიიჩნია, რომ ”მაესტრომ“  ადრე მინიჭებული ლიცენზიის პირობები დაარღვია, რის გამოც გაფრთხილება მიიღო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება უსამართლო იყო და ხელისუფლების იმ მცდელობების ნაწილს შეადგენდა, რომელიც სამაუწყებლო მედიაში პოლიტიკური დისკუსიების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

ტელეკომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ; თუმცა, სექტემბრის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, ეს საკითხი ოპოზიციური პარტიების და ასევე ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში საპარლამენტო უმცირესობის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

 

Civil.Ge © 2001-2024