ჟენევის მოლაპარაკებები შეჩერდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'08 / 20:01

15 ოქტომბერს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა და მხარეები 18 ნოემბერს კვლავ შეიკრიბებიან. 

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენს მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ”პროცედურული სირთულეების წინაშე დადგა” და ყველა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტათ ის, იტყობინებიან ”როიტერი” და Associated Press-ი.

”პროცედურული სირთულეები” სავარაუდოდ ეხებოდა იმ საკითხს, მიეცათ თუ არა უფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობა მიეღოთ ოფიციალურ პლენარულ სხდომაში, რომელიც ითვალისწინებდა  მოლაპარაკებებს საქართველოს, რუსეთსა და აშშ-ს შორის, ორგანიზატორების -  გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს თანდასწრებით.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგანაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ შემდგომი მოლაპარაკებების ფორმატზე.

ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია áƒ›áƒ˜áƒ”სალმა იმ ფაქტს, რომ პირველად შეიქმნა ფორმატი, სადაც რუსეთს მთავარი შუამავლის როლი აღარ აკისრია. 

”ყველაზე მთავარია ის, რომ პირველად ჩამოყალიბდა ფორმატი, სადაც საქართველო არ არის უმცირესობაში, სადაც რუსეთს არ აქვს ყალბი შუამავლის როლი,” - განუცხდა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, ”ეს არის მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთს შორის არსებულ პრობლემაზე და აქ წარმოდგენილი არიან რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იყო ჩვენი ამოცანა მრავალი წლის განმავლობაში, ამ ამოცანის შესრულება დაიწყო დღეს”.

ქართულმა და რუსულმა მხარეებმა უკვე დაადანაშაულეს ერთმანეთი პლენარული სხდომის ჩაშლაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ”საქართველომ ჩაშალა ეს ღონისძიება პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმით,” იტყობინება ”ინტერფაქსი”. 

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსულმა დელეგაციამ მიატოვა ჟენევის მოლაპარაკებები და დასძინა, რომ მას ამის შიში ჰქონდა.

”მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა შანსი სერიოზული მოლაპარაკებები წარმოების ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით, რუსებმა მიატოვეს მოლაპარაკებები და გავიდნენ,”- განუცხადა მან ბრიუსელში ჟურნალისტებს. ”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რა ხალხთან გვაქვს საქმე, რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე და თუ ვინმეს რამე ილუზიები ჰქონდა კიდევ რომ ამ პირობებში შეიძლება რაღაცის მიღწევა, მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ხალხს მოუწევს დასვენება”.

მისი თქმით, რუსეთის მხარის მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით მისი ”ეჭვები გამართლდა”.  სააკაშვილის განცხადებით, ეს ქცევა იყო ზუსტად ისეთი, ”როგორც საბჭოთა კავშირი იქცეოდა ცივი ომის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდ წლებში”.

”ეს არის ძალიან სამწუხარო,”- აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ შეაჩერებს ბრძოლას ”დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის”.

”ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ მეგობრებთან, ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრულ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო რუსი ჯარისკაცის გაყვანისთვის,”- განაცხადა მან.

დასავლური მედია იტყობინება ცოტა ხნით ადრე, რომ საერთაშორისო შუამავლები რუსეთის და საქართველოს დელეგაციებთან ცალ-ცალკე ატარებდნენ შეხვედრებს, რათა ისინი ერთმანეთისთვის შეეხვედრებინათ. ”როიტერის” ინფორმაციით,  ერთ-ერთმა უცნობმა დიპლომატმა ამ შეხვედრებს ”დაახლოების მოლაპარაკებები” (proximity talks) უწოდა. დიპლომატიაში ეს ტერმინი მაშინ გამოიყენება, როდესაც ერთ შენობაში მყოფ მხარეებს შორის შუამავლები ცალ-ცალკე შეხვედრებს მართავენ.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ მან და მოლაპარაკებების კიდევ ორმა თანათავმჯდომარემ - იოჰან ვერბეკე გაეროდან და პიერ მორელი ევროკავშირიდან - გადაწყვიტეს ”გადაედოთ დღევანდელი განხილვები”. 

”დღეს ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო განხილვების პროცესი,” - განაცხადა მან. ”ყველა მონაწილე ჩამოვიდა ჟენევაში და მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოხატა. მათ ყველამ გამოხატეს თავიანთი შეხედულებები... ჩვენი სამი ორგანიზაცია [ევროკავშირი, გაერო და ეუთო] მზად არის ეს პროცესი წინ წაწიოს. ჩვენი მიზანი ძალიან პრაქტიკულია; გაძლიერდეს სტაბილურობა რეგიონში და გაუმჯობესდეს სიტუაცია ჰუმანიტარული კუთხით”.  

 

Civil.Ge © 2001-2024