დეპუტატები 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო მთავრობას აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Oct.'08 / 13:12

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და საპარლამენტო უმცირესობიდან მოუწოდეს მთავრობას მომავალ წელს სახელმწიფო სტრუქტურების თანხების შემცირების ხარჯზე გაზარდონ სოციალური ვალდებულებების დაფინანსება.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტი საკმარისად ვერ იცავს ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს; მეორე, ის საკმარისად ვერ უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულების დაწყებას, რომელიც ჩვენ გავეცით და მესამე, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით სათანადოდ ვერ ხდება იმის დემონსტრირება, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები სრულად იზიარებენ ამ საბიუჯეტო შეზღუდვებს... მიგვაჩნია, რომ მაღალჩინოსნებმა უფრომ მეტად უნდა შემოიჭირონ ქამრები,”- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა.

მან ეს განცხადება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური დახმარებების ზრდა, როგორც ამას ხელისუფლება პირდებოდა 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მთავრობის კრიტიკა áƒ¬áƒ˜áƒœ უსწრებს მოსალოდნელ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, რომლის გეგმები პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ დაადასტურა.

მელიქიშვილის განცხადებით, პარლამენტი მზადაა მომავალ წელს 1.5 მლნ ლარით შეიმციროს დაფინანსება - ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოსთვის დაფინანსების 42.9 მლნ ლარამდე ზრდას ითვალისწინებს. მან ანალოგიურისკენ მოუწოდა სამთავრობო სტრუქტურებსაც.

თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი წინასწარი ვარიანტია, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა თანხები იქნება მოზიდული 22 ოქტომბერს საქართველოს დახმარების მიზნით დაგეგმილი დონორთა კონფერენციიდან და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ ეკონომიკური აქტივობის როგორი დინამიკა დაფიქსირდება ქვეყანაში.

”ძალიან ძნელია ამ ეტაპზე რამის დაგეგმვა, რადგან რუსული აგრესიის შედეგად მხოლოდ ერთი თვეა გასული,”- განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გილაურმა და აღიარა, რომ ბიუჯეტი ”დასახვეწია”.

Civil.Ge © 2001-2024