დონორები საქართველოსთვის 4.55 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Oct.'08 / 19:08

სახელმწიფო და კერძო დონორებმა განაცხადეს, რომ 4.55 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ მომდევნო სამი წლის მანძილზე, რათა საქართველოს ომის შემდგომ რეაბილიტაციაში დაეხმარონ, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.

ამ თანხიდან 3.7 მილიარდი სახელმწიფოების მხარდაჭერაა, ხოლო 850 მილიონი - კერძო დონორების დახმარება.

”ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ ველოდით და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დღეს სასიხარულო დღეა,” - იტყობინება ”როიტერი” ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებზე დაყრდნობით 22 ოქტომბერს. მან ეს განცხადება ბრიუსელში დონორთა კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

”ეს თანხა საკმაოდ აღემატება იმ ვარაუდებს, რომელიც ჩვენ გვქონდა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ,” - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

”ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ფინანსური არეულობის დროს, ეს გზავნილი ძალიან უჩვეულოა,” - განუცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა ჰენრიეტა ფორმა ”როიტერს”.

სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფდა საქართველოს. აშშ საქართველოს უმსხვილესი დონორია.

ბრიუსელის კონფერენციაზე იაპონიამ პირობა დადო, რომ 200 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფდა საქართველოსთვის. ეს მეორე უმსხვილესი დაპირებაა ინდივიდუალური სახელმწიფოს მხრიდან.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე 500 მილიონ ევროს გამოუყოფს საქართველოს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი 750 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

AFP-ი ასევე იტყობინება, რომ გერმანია 33.7 მილიონ ევროს, ხოლო შვედეთი 40 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოსთვის. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 235 მილიონ ნორვეგიულ კრონს გამოყოფს საქართველოსთვის (დაახლოებით 33.6 მილიონ აშშ დოლარს), იტყობინება AFP-ი.

 

Civil.Ge © 2001-2024