მამუკა ღლონტი ”მაესტროზე” კონტროლს ჟურნალისტებს გადასცემს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'08 / 10:33

სტუდია ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ტელეკომპანიის ზედამხედველობას ჟურნალისტების ჯგუფს გადასცემს, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

სტუდია ”მაესტრო” თავის პოლიტიკურ გადაცემებს ნოემბრის ბოლოსთვის განაახლებს. ფორმალური შეთანხმება ამ საკითხზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას იქნება მიღწეული სააპელაციო სასამართლოში. უკვე ექვს თვეზე მეტია, რაც ტელეკომპანიას დავა აქვს კომისიასთან პოლიტიკური გადაცემების გაშვების ლიცენზიასთან დაკავშირებით. დავა ანტი-კრიზისული საბჭოს შუამავლობით მოგვარდა.

”ამიერიდან, ტელეკომპანია შვიდ-წევრიანი საბჭოს განკარგულებაში იქნება და მე მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილებების შემსრულებელი ვიქნები,” - განაცხადა მამუკა ღლონტმა 23 ოქტომბერს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას.

საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: ჟურნალისტები ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, თამარ ჩიქოვანი, ალეკო ელისაშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი, ლაშა ტუღუში, და ასევე ნათია იმედაძე სახალხო დამცველის აპარატიდან.

”როგორც დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტია, ჩვენ გვექნება იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტი, რომელიც აუკრძალავს დამფუძნებელს ჩაერიოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში; ეს მხოლოდ საბჭოზე იქნება დამოკიდებული,” - განაცხადა ღლონტმა.

ჟურნალისტმა ია ანთაძემ ტელეკომპანია ”კავკასიის” იმავე გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ მას მამუკა ღლონტთან მუშაობის გამოცდილება აქვს (იგი ”მაესტროს” თოქშოუს ერთ-ერთი წამყვანი იყო, სანამ აპრილში ტელეკომპანია პოლიტიკური გადაცემების გაშვებას შეწყვეტდა) და ”დარწმუნებული ვარ, რომ იგი დაიცავს ამ პირობას და არ ჩაერევა”.

გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ საბჭოს წევრები ნებაყოფლობით საფუძველზე იმუშავებენ.

საბჭოს თავმჯდომარე იქნება თამარ ჩიქოვანი, რომელიც მანამდე რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში მუშაობდა. მისი თქმით, საბჭოს წევრები პერიოდულად შეიცვლებიან და ახლანდელ წევრებს სხვა ჟურნალისტები შეცვლიან.

Civil.Ge © 2001-2024