პატარკაციშვილის ოჯახი იმედის და მთაწმინდის პარკის დაბრუნებას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'08 / 18:06

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მომავალი კვირიდან  ტელეკომპანია ”იმედის” და ”მთაწმინდის პარკის” დაბრუნებასთან დაკავშირებით ქმედებების გააქტიურებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია გარდაცვილი ბიზნესმენის ოჯახის მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში.

”პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მათი იურიდიული და ეკონომიკური მრჩევლები ააქტიურებენ სამართლებრივ ძალისხმევას ქონების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების მიზნით. ისინი საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღის წინა დღეებში ჩამოვლენ”, - ნათქვამია პრესრელიზში.

დეტალები 28 ოქტომბერს თბილისში შერატონ მეტეხი პალასში გამართულ პრესკონფერნციაზე გახდება ცნობილი.

ბადრი პატარკაციშვილის ნათესავმა ჯოზეფ ქეიმ მარტში განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შემდეგ”. გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ”იმედის” მიერ დეკემბერში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-ი - კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა.
ქეიმ უარყო განცხადებები, რომ ამ გარიგების უკან ხელისუფლება დგას.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ  მარტში განაცხადა, რომ ხელისუფლებას ცდილობს ”იმედის” ხელში ჩაგდებას ”თვითმარქვიების” დახმარებით.

ივლისში მთაწმინდის გასართობი პარკი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Rakeen-ის ხელში გადავიდა. Rakeen Georgia-მ დაადასტურა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას თბილისის მუნიციპალიტეტთან პარკის 49-წლიანი ვადით იჯარით აღების თაობაზე. კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად 300 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

”ბადრის ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ტელეკომპანია ”იმედის” და ”მთაწმინდის პარკის” დაბრუნება...ოჯახს სურს დაიბრუნოს ტელეკომპანია ”იმედი” და აღადგინოს იგი როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო წყარო საქართველში. ოჯახს სურს ”მთაწმინდის პარკის” დაბრუნებაც და მზად არის მსოფლიო კლასის ღირშესანიშნაობის შემდგომი განვითარებისთვის განაახლოს სამუშაოები,” ნათქვამია პრესრელიზში.

 

Civil.Ge © 2001-2024