ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'08 / 12:44

მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ჟენევაში მოლაპარაკებების იმ ფორმატის შესათანხმებლად, რომელიც მხარეებისთვის იქნება მისაღები.

15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებები შეწყდა ”პროცედურული სირთულეების” გამო. შეხვედრის დროს ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის პირისპირ მოლაპარაკებები არც გამართულა. შემდგომი შეხვედრა ჟენევაში 18 ნოემბერს დაიგეგმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ  დიპლომატთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელი რჩება და თბილისი კვლავ წინააღმდეგია ცალკე დელეგაციების ფორმით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ შეხვედრაში.

”შევეცდებით, რომ მოვილაპარაკოთ და კომპრომისს მივაღწიოთ მოლაპარაკებების ფორმატზე,” - განაცხადა ვაშაძემ. ”ე.წ. აფხაზური და სამხრეთ ოსური დელეგაციები ვერ მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, როგორც ოფიციალური დელეგაციები; რუსებს შეუძლიათ ვინც უნდათ ის შეიყვანონ თავიანთ დელეგაციაში”. 

 

Civil.Ge © 2001-2024