პატარკაციშვილის ოჯახი ქონების დასაბრუნებლად აქტიურდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'08 / 16:40

ტელეკომპანია ”იმედის” და მთაწმინდის პარკის დაბრუნებისთვის გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სამართლებრივი გზებით განაგრძობს ბრძოლას, განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოჯახის წევრებმა.

”მე არა ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ამოცანა ”იმედის” დაბრუნებისას პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს,” - განაცხადა პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ 28 ოქტომბერს.

მისი თქმით, მისი მიზანია ტელეკომპანია გახდეს საზოგადოებისათვის ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების გარანტი.

”მე ვიღებ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას და ”იმედში” ისეთი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს მოვიყვან, რომლებიც ამ მისიის შესრულებას შეძლებენ,”- განაცხადა მან. 

დღესვე, პრესკონფერენციაზე ოჯახის წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ დაქირავებული სასამართლო დოკუმენტაციის ამერიკელი ექსპერტის გას ლესნევიჩის მოხსენების რეზიუმე, სადაც აღნიშნულია რომ იმ დოკუმენტებზე ხელმოწერები, რომლის საფუძველზეც პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი ოჯახის სურვილის წინააღმდეგ ტელეკომპანიის მფლობელი გახდა, ”ყალბია”.

”სამართლებრივ ბრძოლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და სწორედ ახლა მოვიპოვეთ ჩვენ იმისი დამამტკიცებელი საბუთი და ექსპერტის დასკვნა, რომ áƒœáƒáƒ›áƒ“ვილი არ არის ის დოკუმენტები, რომელსაც ჯოზეფ ქეი ეყრდნობოდა,”- განაცხადა პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესების დამცველმა ლორდ პიტერ გოლდსმიტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ბადრი პატარკაციშვილის ნათესავმა ჯოზეფ ქეიმ მარტში განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შემდეგ”. გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ”იმედის” მიერ დეკემბერში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-ი - კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა. ქეიმ უარყო განცხადებები, რომ ამ გარიგების უკან ხელისუფლება დგას.

იმავდროულად, ინა გუდავაძემ აღნიშნა, რომ ასევე სამართლებრივი გზით შეეცდება მთაწმინდის პარკის დაბრუნებას, რომელიც პატარკაციშვილს გასული წლის 7 ნოემბერს ჩამოართვეს და ივლისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Rakeen-ის ხელში გადავიდა. Rakeen Georgia-მ დაადასტურა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას თბილისის მუნიციპალიტეტთან პარკის 49-წლიანი ვადით იჯარით აღების თაობაზე. კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად 300 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024