სააკაშვილი მთავრობას სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევას ავალებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Nov.'08 / 19:45

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ სიღარიბის და უმუშევრობის შემცირება მთავარი პრიორიტეტია.

მისი თქმით, მთავრობამ მოახერხა გადაელახა ”ურთულესი შიდა პოლიტიკური კრიზისი, ორი არჩევნები, დამპყრობლის შემოტევა - დიდი ომი და ერთდროულად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დარტყმა”. მისი თქმით, ფინანსურმა სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე კვლავ რჩება ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად. მისი თქმით, გურგენიძე უხელმძღვანელებს ახალ კომისიას, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილიზაციას გააკონტროლებს. ”უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, არსებულ ინვესტიციებზე ზრუნვა და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობა ასევე იქნება ამ კომისიის მთავარი ამოცანები,” - დასძინა მან.  

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ შეაქო ახალი პრემიერ-მინისტრი იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ”სერიოზული, რადიკალური ცვლილებები ჯერ არ მოეხდინა”. პრემიერ-მინისტრის გარდა, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მხოლოდ ოთხმა მინისტრმა დატოვა თანამდებობები.

”ომმა კარგად უჩვენა, რომ არსებულმა კადრებმა[მთავრობის წევრებმა] გაამართლა თავისი მუშაობა,” - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”არც მე და არც ქართული საზოგადოება ვერ ვიქნებით მთავრობის მუშაობით კმაყოფილი მარტივი მიზეზის გამო  - სანამ ჩვენ ხალხს აქვს გაჭირვება, სანამ ჩვენ ხალხს აქვს უმუშევრობა, მთავრობის მუშაობა არ შეიძლება შეფასდეს ბოლომდე დადებითად”.

”დღეს საქართველოში უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა არის უმუშევრობა,” - განაგრძო მან. ”მოსახლეობის უმეტესობა გამწარებულია სამსახურის უქონლობის გამო; მათ არ იციან როგორ გამოკვებონ თავიანთი შვილები იმიტომ, რომ სამსახური არ აქვთ; მათ არ აქვთ მომავლის იმედი, რადგანაც სამსახური არ აქვთ”.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მოახერხა ვარდების რევოლუციის შემდეგ ორჯერ შეემცირებინა სიღარიბე, ”ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს”.

”უმუშევრობა არის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა ქვეყანაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ”ჩვენ ვიმყოფებით გადატანილი ომის შედეგად ჩვენი დამპყრობლის მხრიდან მუდმივი რისკის და საფრთხის ქვეშ, მაგრამ როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მისცა დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს მარშალის გეგმა - მასობრივი ეკონომიკური დახმარება ეკონომიკის ასაღორძინებლად, ჩვენ სავალუტო ფონდის დახმარებასთან ერთად მივიღეთ 5 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარება  - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის გაორმაგება, ე.ი. სამუშაო ადგილების გაორმაგება და სიღარიბის ორჯერ შემცირება როგორც მინიმუმ. მაგრამ ეს არის რთული ამოცანა და ეს არის მთავრობის სამუშაო.”

მისი თქმით, ”საქართველო ხელს აწერს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროპასთან მომდევნო რამდენიმე კვირაში და ასევე ხელს ვაწერთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან [შეთანხმებას], რაც პრაქტიკულად თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ტოლფასია”.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება გზების მშენებლობა. მან უკმაყოფილება გამოთქვა საგზაო დეპარტამენტის მუშაობით. ”რეალურად არა მხოლოდ არსებული პროექტები ვერ შეასრულეს, არამედ პროექტები მომზადებულია იმაზე 5-ჯერ ნაკლები გზებზე, ვიდრე რეალურად ჩვენ შეიძლება ფული დავხარჯოთ  - 1 მლრდ დოლარის მოპოვება შეგვიძლია ჩვენ მარტო საავტომობილო გზების მშენებლობაზე.”

პრეზიდენტმა მთავრობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობისაკენ და ხალხთან მაქსიმალური ურთიერთობისაკენ მოუწოდა.

”ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს რას ვაკეთებთ,”- აღნიშნა მან, ”ნუ გაჩნდება განცდა, რომ ყველანი ისედაც ისეთი მაგრები ვართ და რომ არავისთვის არაფრის ახსნა არ გვჭირდება”. 

 

Civil.Ge © 2001-2024