ოპოზიცია 7 ნოემბერს ”აქციების ახალ ტალღას” იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Nov.'08 / 19:37

”ჩვენ ხვალ დავიწყებთ და გაზაფხულზე დავასრულებთ ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის, ბრძოლას თავისუფალი მედიისთვის, ბრძოლას თავისუფალი არჩევნებისთვის,”- განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 6 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ბრიფინგზე დარიგდა საინფორმაციო ბიულეტენები, სადაც ოპოზიციის სამომავლო გეგმებია გაწერილი. ოპოზიციის ამ სამოქმედო გეგმის ინიციატორები არიან ლევან გაჩეჩილაძე, áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ”რვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები. დღევანდელ ბრიფინგს ასევე დაესწრო გაერთიანებული ოპოზიციიდან გოგა ხაინდრავა. 

როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, 7 ნოემბერს საქართველოში დაიწყება ”პერმანენტული აქციების ახალი ტალღა”, რომლის მიზანიც იქნება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა, რასაც წინ უნდა უძღვოდეს:

  • აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება;
  • სიტყვის თავისუფლება;
  • პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება;
  • ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

23 ნოემბერს ოპოზიცია 24 საათიან პიკეტირებას მოაწყობს ტელეკომპანია ”იმედის” შენობის წინ. ოპოზიციის მოთხოვნაა ”იმედის” პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში დაბრუნება.

10-20 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს ოპოზიციური დემოკრატიული ძალების ყრილობა.

”შეიქმნება ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდება პერმანენტულ აქციებში მონაწილე ყველა პარტია, ლიდერი, საზოგადო მოღვაწე და არასამთავრობო ორგანიზაცია. ახალი გაერთიანება უზრუნველყოფს პერმანენტული აქციების გაგრძელებას 2009 წლის გაზაფხულამდე და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების  ჩატარებას,” -ნათქვამია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში.

2009 წლის 25 იანვარს ვარდების მოედანზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილია აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება გაუქმდეს 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2009 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე.
 
”იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ოპოზიციის ამ მოთხოვნას, 2009 წლის 9 აპრილს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მჯდომარე, სადღეღამისო, უვადო საპროტესტო აქცია დაიწყება და საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდება,” - ნათქვამია საინფორმაციო ბიულეტენში, ”აქცია გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომამდე”. 

Civil.Ge © 2001-2024