ევროკავშირის მისიას და თბილისს პერევში არსებული სიტუაცია აშფოთებთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'08 / 10:34

რუსეთის შეირაღებული ძალები საჩხერის რაიონის სოფელ პერევში მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს გადასცემენ ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის კრიმინალურ  გასამხედროებულ ფორმირებებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისია შეშფოთებულია პერევში არსებული სიტუაციის გამო.

”საკმაო მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ვივარაუდოთ, რომ რუსულ სამხედრო ძალებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალები ჩაანაცვლებენ. ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას სოფელ პერევის შიგნით და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის საზიანოდ,” - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობს. ამჟამად, ადმინისტრაციულად ეს სოფელი საჩხერის რაიონში შედის; თუმცა, რუსულმა ძალებმა ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლისას უარი თქვეს იქ თავიანთი საგუშაგოს მოხსნაზე იმ მოტივით, რომ თითქოს სოფელი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედის.

”რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში კატეგორიული უარი თქვეს თავიანთი საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის აშკარად მდებარეობს ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით,” - განაცხადა მისიამ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პერევში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ”აძლიერებს კონფრონტაციის რისკს და საფრთხეს უქმნის სოფლის უსაფრთხოებას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთარი სახლებიდან  პერევის მცხოვრებთა გაძევება, მათი ქონების განადგურება და ეთნიკური წმედნის ახალი ტალღის გამოწვევა”.

იმავდროულად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ასევე განაცხადა, რომ ის ასევე შეშფოთებულია ეთნიკური ოსი მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც 6 ნოემბერს, სავარაუდოდ, სნაიპერის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.

”ევროკავშირის მისია წუხს, რომ არ მიეცა საშუალება გადაეკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი, რათა ადგილზე მოეპოვებინა ინფორმაცია,” - განაცხადა მისიამ.

 

 

Civil.Ge © 2001-2024