სააკაშვილი მზადაა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მივიდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'08 / 10:48

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მზადაა მივიდეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე და რუსეთთან ომის შესახებ ყველა კითხვას უპასუხოს. 

მან ანტიკრიზისულ საბჭოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არცერთ თანამდებობის პირს არ აქვს კომისიაზე დაკითხვისას იმუნიტეტი.

კომისიის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმცირესობიდან პაატა დავითაიამ შეხვედრაზე განუცხადა პრეზიდენტს, რომ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება პრეზიდენტი მოიწვიოს და ასეთ ვითარებაში მთლიანად პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული მისცემს თუ არა ჩვენებას კომისიას. ”ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ ეს კეთილი ნება გამოავლინეთ,”- განაცხადა დავითაიამ.

კომისიამ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა  - რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია - გასულ თვეში უკვე დაკითხა ხელისუფლების მაღალი რანგის რიგი წარმომადგენლები და ის დაკითხვებს ორშაბათიდან განაახლებს.

Civil.Ge © 2001-2024