ლავროვი ჟენევის მოლაპარაკებებში სეპარატისტების თანაბარუფლებიანი სტატუსისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'08 / 11:43

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ჟენევაში 18 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ”თანაბარუფლებიანი პარტნიორების” სტატუსით უნდა მიიღონ.

”ჟენევის შეხვედრა, რომელსაც მედვედევი-სარკოზის შეთანხმება ითვალისწინებს, რეგიონში უსაფრთხოებას ეძღვნება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თანაბარუფლებიანი მონაწილეობის გარეშე ეს საუბარი არ შეიძლება პროდუქტიული იყოს,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 9 ნოემბერს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

თუმცა თბილისი აცხადებს, რომ ჟენევის შეხვედრის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 8 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილი ვითარებაც განიხილა.

”აღინიშნა იმის საჭიროება, რომ არ იქნას დაშვებული სიტუაციის გართულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.

შარმ-ელ-შეიხში ლავროვი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან ერთად აფხაზეთში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მუშაობის პერსპექტივებზეც იმსჯელა.  გაეროს მისიის მანდატი 15 თებერვლამდეა გაგრძელებული.

Civil.Ge © 2001-2024