ეროვნული ბანკი: ლარის გაუფასურების საფრთხე არ არსებობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'08 / 18:59

ლარის კურსი ერთი კვირის მანძილზე სულ ცოტა 13.4%-ით დაეცა და 10 ნოემბერს აშშ დოლართან მიმართებაში გაცვლითმა კურსმა 1.65-ს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა განაცხადა, რომ ლარის შემდგომი დასუსტების საფრთხე აღარ არსებობს.

”დღევანდელი გაცვლითი კურსი არის წონასწორობის ახალი წერტილი და ამ კურსის კორექტირობის საჭიროება არ არსებობს,” - განაცხადა ამაღლობელმა. ”ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურობას. ამისათვის ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები გააჩნია. გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს”.

”კურსის კორექტირებას არ ექნება რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ინფლაციაზე,” - დასძინა მან.

თუმცა ფასებმა მთელ რიგ პროდუქტებზე უკვე მოიმატა. მაგალითად, PSP-ს აფთიაქების ქსელში წამლებზე და სხვა სახის პროდუქციაზე ფასები 10 ნოემბერს უკვე დაახლოებით 12%–ით იყო გაზრდილი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს წლიური ინფლაცია 7%-მდე შემცირდა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა. 

 

Civil.Ge © 2001-2024