ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობა ღიად რჩება - შამბა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'08 / 18:39

18 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში სოხუმის მონაწილეობის საკითხი ღიად რჩება, რადგან მისი დელეგაციისთვის თანაბარუფლებიანი სტატუსის მინიჭების საკითხში პროგრესი არ არის მიღწეული, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 10 ნოემბერს.

მან ეს განცხადება აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და ჟენევის პროცესის ორგანიზატორებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან პიერ მორელის, იოჰან ვერბეკეს და ჟან თალასს შორის სოხუმში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მათი სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეხვედრა უშედეგო იქნება,”- იუწყება ”აფსნიპრესი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჟენევის პროცესში მონაწილეობას აფხაზური მხარე მიიღებს მხოლოდ თანაბარი უფლებებით”.

სწორედ დელეგაციების სტატუსზე შეუთანხმებლობა გახდა 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი.

9 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე áƒ’ანაცხადა, რომ სეპარატისტები ჟენევის მოლაპარაკებებში ”თანაბარუფლებიანი პარტნიორების” სტატუსით უნდა იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა თბილისის სურვილია, რომ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც იყვნენ წარმოდგენილი არაფორმალურ შეხვედრებზე.

სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმისთვის მიუღებელია ”ალტერნატიული” ადმინისტრაციების  მონაწილეობა ჟენევის შეხვედრაში. 

ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმს არ სურს საქართველოს ”დანაშაულებრივ რეჟიმთან” დიალოგი.

Civil.Ge © 2001-2024