საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე შემცირდება - პრემიერ-მინისტრი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Nov.'08 / 12:37

2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდება, ხოლო დივიდენტზე გადასახადი განახევრდება და 5%-მდე დაიწევს, განაცხადა 11 ნოემბერს პრემიერ-მინიტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

”ეს ნიშნავს დამატებით 250 მლნ ლარს ქართულ ეკონომიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას გაეზრდება დანაზოგები, ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს არის ინიციატივა, რომელიც აისახება პრაქტიკულად ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც იღებს ხელფასს,”- განაცხადა მგალობლიშვილმა დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას ახალ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომლის შესახებ ”დამატებით გაცნობებთ”.

მგალობლიშვილის განცხადებით რამდენიმე დღეში ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს 2009 წლის ”დასაქმების” ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ”შესაბამისობაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან”.

2007 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სოციალური და საშემოსავლო გადასახადი ერთ სახეობად გაერთიანდა და 2008 წლიდან 25% შეადგინა. ამის შემდეგ მთავრობამ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივი შემცირების 5-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს საშემოსავლო გადასახადი 15% უნდა გახდეს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 24% უნდა გამხდარიყო, ხოლო 20%-იანი ნიშნულისთვის მას 2011 წელს უნდა მიეღწია.

 

Civil.Ge © 2001-2024