ცხინვალის თქმით, საგუშაგო პერევში ”ხე-ტყის უკანონო გატანის” შესაჩერებლად შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Nov.'08 / 13:10

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ თავიანთი საგუშაგო სოფელ პერევში იმიტომ განათავსეს, რომ აღკვეთონ ხე-ტყის უკანონო გატანა.

”სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების საგუშაგო ნამდვილად განთავსდა პერევში, რათა აღიკვეთოს ხის უკანონო ექსპორტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან,” - განაცხადა სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასეევმა, ”სოფელი პერევი ჯავის რაიონის ნაწილია და ქართულ მხარეს მასთან არაფერი აქვს საერთო”.

”თუ ვინმე შეეცდება ძალისმიერი ქმედებების განხორციელებას საგუშაგოს წინააღმდეგ, სამხრეთ ოსური მხარე, რუსულ ძალებთან ერთად, რომლებიც სამხრეთ ოსეთში არიან განთავსებულნი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ადეკვატურ პასუხს მიიღებს,” - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსური მხარე მაშინ გააუქმებს თავის საგუშაგოს პერევში, ”როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის”.

თბილისმა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეშფოთება გამოთქვეს სოფელ პერევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ოსმა შეიარაღებულმა პირებმა განთავსება შაბათ-კვირას დაიწყეს.

სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობს. ამჟამად, ადმინისტრაციულად ეს სოფელი საჩხერის რაიონში შედის; თუმცა, რუსულმა ძალებმა ე.წ. ბუფერული ზონებიდან გასვლისას უარი თქვეს იქ თავიანთი საგუშაგოს მოხსნაზე იმ მოტივით, რომ თითქოს სოფელი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

”რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთში კატეგორიული უარი თქვეს თავიანთი საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ის აშკარად მდებარეობს ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით,” - განაცხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ევროკავშირის დამკვირვებლებს ურჩევნიათ მეტი დრო დაუთმონ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მათი პასუხისმგებლობის ზონაში, საიდანაც მუდმივად უხსნიან ცეცხლს ოსურ სოფლებს,” - განაცხადა გასეევმა.

სოფელ პერევში ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს სოფელს იქ ოსი შეიარაღებული პირების განთავსების შემდეგ.

Civil.Ge © 2001-2024